სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ბანკს დავა მოუგო

2019-12-30 20:26
Featured image

საია იცავდა სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელსაც საბანკო დაწესებულება არ აძლევდა სოციალური დახმარების აღების შესაძლებლობას ამავე ბანკში წარმოშობილი დავალიანების გამო.

საიას დახმარებით, ოჯახმა სადავოდ გახადა სესხის ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბანკი იღებდა უფლებამოსილებას, საკუთარი შეხედულებისამებრ განეხორციელებინა მსესხებლის ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხის, მათ შორის სოციალური დახმარების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება და ჩამოჭრა არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად ან/და შესამცირებლად.

ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებამდე ოჯახი პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით წარმოშობილ ვალდებულებას და უკვე გადახდილი ჰქონდა ძირ თანხაზე მეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლო დავის დაწყებამდე, საიას იურისტების რჩევით ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა საბანკო დაწესებულებას მოლაპარაკების გამართვის თხოვნით, თუმცა უარი მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ოჯახის მოთხოვნა და გაბათილდა ელექტრონული წესით დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც საბანკო დაწესებულებას ოჯახის თანხმობის გარეშე სოციალური დახმარების ბლოკირების და ჩამოჭრის შესაძლებლობას აძლევდა.

სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ იყო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების გასაჩივრებული პუნქტის ცალკე ინდივიდუალურად კლიენტთან შეუთანხმებლობის ფაქტი, ინფორმაციული დეფიციტის პირობებში გამოირიცხებოდა მსესხებლის გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობა. გადაწყვეტილების მიხედვით თუკი სხვა რამ არ დასტურდება, ივარაუდება, რომ მოვალე არ მოინდომებდა იმგვარ სახელშეკრულებო პირობაზე დათანხმებას, რომელიც იძლეოდა საარსებო მინიმუმის ვალდებულების დასაფარად ჩამოჭრის (შემწეობის), თვიდან თვემდე მხოლოდ არსებობისათვის აუცილებელი თანხის გარეშე დარჩენის შესაძლებლობას. ამის გააზრების შესაძლებლობა კი მას ექნება შესაბამისი დათქმების არსებობის შესახებ ინფორმირების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე ჩამოჭრილი დახმარების 413 ლარის უკან დაბრუნებაც დაევალა.  თავის მხრივ ოჯახს დაეკისრა სესხის დარჩენილი თანხის გადახდა, რომლის ამოღებაც შემწეობიდან ვეღარ მოხდება.