სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ჟურნალში “ცხელი შოკოლადი” გამოქვეყნებულ “არშემდგარ დისკუსიასთან” დაკავშირებით

2009-01-12 20:00
Featured image

საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ჟურნალის “ცხელი შოკოლადი” დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ “არშემდგარი დიალოგი”. განხილვის თემა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ჭანტურიას მიერ გამოხატული შეუწყნარებლობის გამომხატველი მოსაზრებები გახდა.

გამოხატვის თავისუფლება ის უზენაესი ღირებულებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს უფლებას გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი. თუმცა, ევროპის საბჭომ ცალკე რეკომენდაცია შეიმუშავა “მედიისა და შემწყნარებლობის კულტურის განმტკიცების შესახებ”, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მიესალმება “მედიის პროფესიონალთა ინიციატივებს, განამტკიცონ შემწყნარებლობის კულტურა, აღნიშნავს რა, რომ ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან იმისათვის, რათა ხელი შეუწყონ ამ ინიციატივებს და უზრუნველყონ მათი ზოგადი აღიარება მედიის ყველა სექტორში.”

ამ გავლენის  უარყოფითად გამოყენების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, აუცილებელია, მედია ორგანიზაციებში შეუწყნარებლობის პრობლემაზე მსჯელობა. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს რეკომენდაციის სულისკვეთებით, მედია საშუალებებს შეუძლიათ სასარგებლო ზეგავლენა მოახდინონ და თავიდან აიცილონ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული დაძაბულობა; თავიდან აიცილონ კულტურული, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ჯგუფის წევრების დამამცირებელი სტერეოტიპული აღწერა პუბლიკაციებსა და საპროგრამო მაუწყებლობებში; დაგმონ მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს რესპონდენტების მიერ ინტერვიუების, მოხსენების და სხვა დროს გაკეთებულ შეუწყნარებელ განცხადებებს.
მედიის საშუალებების მიერ მათთვის დაკისრებული მისიის გაცნობიერება ავალდებულებს მათ წარმომადგენლებს, მათ მიერვე ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულების მიზნით, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარი აზრის გამოხატვას. პასუხიმგებლობუის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, როცა საკითხი ეხება საზოგადოებრვი მაუწყებელს, რომელსაც კანონში პირდაპირ აქვს გაწერილი საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის ინტერესების ასახვა. სწორედ ამიტომ გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგნელის მიერ გაკეთებული განცხადებები ცხარე დისკუსიის საგანი და საზოგადოების რიგი წარმომადგენლებისთვის მიუღებელი.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქცევის კოდექსში* შეურაცხმყოფელი ლექსიკის თავიდან აცილების მიზნით დადგენილია,  რომ “თავაზიანობა და აუდიტორიისადმი პატივისცემა ჟურნალისტებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ დაუფიქრებლად ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებმაც შეიძლება აუდიტორია შეურაცხყოს. ასეთი ლექსიკა შეიძლება მოიცავდეს გინებას, რასისტულ ტერმინებს, ავადმყოფობის ან უნარშეზღუდულობის აღმნიშვნელ დამცინავ ტერმინებს, და სხვა.” ქცევის კოდექსი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საუბარი იყო “ცხელი შოკოლადის” მიერ გამართულ არშემდგარ დისკუსიაში (უნარშეზღუდული ადამიანები, სექსუალური უმცირესობები, ხანდაზმულები და ა.შ.) და ცალსახად ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებაა საჭირო სიტყვებისა და გამოთქმების შერჩევისას: “დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცა “მამათმავალი” “პედერასტი”, “ცისფერი” – მითითებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მუხლში 15.9.

და ბოლოს, აუცილებლად მიგვაჩნია, მოვიყვანოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის წინათქმა, სადაც წერია ის, თუ რისთვის ისწრაფვის საზოგადოებრივი მაუწყებელი:
თანასწორობისთვის, იმისათვის, რომ არ დაუშვას ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელმძღვანელი პირის მიერ საჯაროდ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც პირდაპირ არის აკრძალული მისივე დაწესებულების ქცევის კოდექსით, ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნებისა და მისიის განხორციელებას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკეთებს საჯარო განმარტებას, რამდენად შეესაბამება მისი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები  საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკის პრინციპებს, რომლითაც მისი თანამშრომლები უნდა ხელმძღვანელობდნენ.

 

*იხ. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქცევის კოდექსის მუხლი 14.9.