სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე

2023-05-20 15:30
Featured image

საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ქალიშვილი თანმხლებ სტუმრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ლავროვი და მისი ოჯახი დასანქცირებულ პირთა სიაში ერთ-ერთი პირველები არიან ვლადიმერ პუტინთან ერთად. 

სამოქალაქო აქტივისტები ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოხატავენ პროტესტს. როგორც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ყვარლის ტბის სასტუმროს შესასვლელთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, ხოლო 12:07 საათზე გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელისკენ წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციის კოლონები მიემართებოდნენ.

შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონების, ჩამორთმევის/სხვაგვარი ხელშეშლისშესახებ. 

კადრებში, ასევე, ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. ამჟამინდელი ინფორმაციით დაკავებულია 10-მდე აქტივისტი.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს:

-     ხელი არ შეუშალონ მედიას განახორციელოს პროფესიული საქმიანობა; 

-     არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

- დროულად შეისწავლოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მედია წარმომადგენლების ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე, როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში, ისე, სიგნალის ჩამხშობი აპარატურის შესაძლო დამონტაჟების ფაქტზე. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს.