სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები (ივნისი)

2007-07-08 20:00
Featured image

1. საიას ადვოკატის დახმარებით 70 წლის მოხუცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საიას იურიდიული დახმარების ცენტრი იცავდა მოქალაქე ვ.ა.-ს ინტერესებს. იგი დმანისის რაიონული სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და  სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი მოთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
70 წლის მოხუცი ვ.ა. სრულიად უსინათლოა, რაც დადასტურებულია მისი მკურნალი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნით. მას მრავალი მადლობები და  სახელმწიფო ჯილდოები აქვს  მიღებული ქვეყნის სამსახურში ერთგული დამსახურებისათვის.  
სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად პირი სასჯელის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს ხანდაზმულობის ასაკის მიღწევისას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72-ე ბრძანებით, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს მსჯავრდებული თუ იგი არის სრულებით უსინათლო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაიწერა განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის სახელზე. მოვითხოვეთ მსჯავრდებულ ვ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.
2007 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ ვ.ა.-ს ჩაუტარდა გამოკვლევა თვალის სნეულებათა კლინიკაში და დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა თვალის ოპერირებული აბსოლუტური გლაუკომა გართულებული კატარაქტა და მარცხენა თვალის ოპერირებული გლაუკომა გართულებული კატარაქტა. გამოკვლევის მიხედვით განკურნების პერსპექტივა არ არსებობს. აღნიშნული სამედიცინო დასკვნის მოპოვების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72-ე ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებული გათავისუფლებულ იქნა სასჯელის შემდგომი მოხდისგან (განსასჯელ ვ.ა.-ს დარჩენილი ჰქონდა 6 წელი).

2. განსასჯელის მიმართ გამოყენებულ იქნა იძულებითი ამბულატორიული მკურნალობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

გ.ბ.-ს ბრალი ედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში (ქურდობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი). სასამართლო დადგენილების შესაბამისად გ.ბ.-ს მიმართ გამოყენებული იყო იძულებითი სტაციონარული მკურნალობა (იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში), რომელიც მიმდინარეობდა ექვსი თვის განმავლობაში.
საიას მიერ წარდგენილ იქნა შუამდგომლობა განსასჯელ გ.ბ.-ს ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შესახებ.
2007 წლის 27 აპრილის #40 დასკვნის საფუძველზე იძულებით მკურნალობაზე მყოფი გ.ბ.-ს ფსიქიატრიული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ განსასჯელი, ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას სტაციონარული პირობებში. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია იძულებითი სტაციონარული მკურნალობა ჩვეულებრივი მეთვალყურეობის ქვეშ შეცვლილიყო იძულებით ამბულატორიული მკუნალობით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიერ დაიწერა წარდგინება განსასჯელ გ.ბ.-ს მიმართ რეჟიმის შეცვლის თაობაზე.
სასამართლომ განიხილა აღნიშნული წარდგინება მხარეთა თანდასწრებით და დააკმაყოფილა. განსასჯელის მიმართ გამოყენებულ იქნა იძულებითი ამბულატორიული მკურნალობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.


3. საიას ადვოკატების ძალისხმევით კანონდამრღვევი მოსამართლე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემულნი

საიას იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევს ქ.კ.-ს.
მას ბრალი ედებოდა  თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, რაზედაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მოსამართლე გ.ფ.-ს განაჩენით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მოსამართლის მიერ უხეშად იქნა დარღვეული არსებული კანონმდებლობა და ამ მოცემული საქმის წარმოების პროცესში მისი მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი კანონის უხეშ დარღვევებს. კერძოდ, ამ უკანასკნელმა ქ.კ. უკანონოდ ამყოფა საპყრობილეში ერთი თვე და ოცდასამი დღე, ასევე უკანონოდ შეუფარდა პოლიციის ზედამხედველობაც.
მიმდინარე გამოძიებისას დაცვის მხარის უშუალო მოთხოვნით სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ის თანამდებობის პირები, რომლებიც კანონმდებლობით ვალდებულნი იყვნენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე დროული რეაგირება მოეხდინათ და ქ.კ.-ს უკანონო პატიმრობა აღეკვეთათ. გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს მიმდინარეობს გამოძიება.

4. სასამართლომ უკანონოდ შედგენილი ოქმები ბათილად ცნო

საიას გორის ოფისს იურიდიული დახმარებისთვის თხოვნით მიმართა მოქალაქე გ.კ.-მ, რომლის განმარტებით  მიმდინარე წლის 5 მაისს  გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში უბნის ინსპექტორის მიერ მის და მისი შვილის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  121-ე მუხლის I ნაწილის დარღვევისათვის და თითოეულ მათგანს დაეკისრა 200-200 ლარი ჯარიმის გადახდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებში სამართალდარღვევის არსს წარმოადგენდა ფაქტი, თითქოს გ.კ.-მ თავის შვილს, არასრულწლოვან ი.კ.-ს სამართავად გადასცა ავტომანქანა “ფოლკსვაგენ ჯეტა” და ის მართავდა მას ტექნიკური პასპორტისა და მართვის მოწმობის გარეშე.
სასამართლო პროცესზე მოწმე კობა აკოლაშვილმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს საღამოს 7 საათისათვის, როდესაც ის ესაუბრებოდა გ.კ.-ს, ამ უკანასკნელის შვილი ი.კ., მუსიკის მოსმენის მიზნით დაჯდა ავტომანქანის საჭესთან. გ.კ.-მ უბნის ინსპექტორს წარუდგინა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. ინსპექტორმა თვითონვე შეამჩნია, რომ მანქანის გასაღები  ხელში ეჭირა მამას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.   
გორის რაიონული სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა გ. და ი. კ.-ების მოთხოვნა და მათ მიმართ შედგენილი ჯარიმის ოქმები  გაუქმებულ იქნა.

5. დაზარალებულთან შერიგების გამო ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურება გაუწია იძულებით გადაადგილებულ პირს _ დევნილ ჯ.რ.-ს.

ჯ.რ.-ს მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია დაზარალებული არასრულწლოვნის ა.ჯ.-ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
დანაშაული ჯ.რ.-ს მიერ ჩადენილ იქნა პირველად, ხოლო დაზარალებული და მისი კანონიერი წარმომადგენელი შეურიგდა მას. ამასთან ერთად, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას.
2007 წლის 5 ივნისს ჯ.რ. ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულის ადვოკატის და დაზარალებულის შუამდგომლობის საფუძველზე ჯ.რ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულთან  შერიგების გამო.

6. მოქალაქე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურება გაუწია მოქალაქე ნ.გ.-ს, რომელიც მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსის ჩატარების შემდეგ  მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვერ დაიკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. საკონკურსო კომისიის დასკვნის თანახმად კონკურსანტის მონაცემები არაობიექტურად  იქნა შეფასებული და მითითებულ იქნა არარსებული  ხარისხის გრიფი (გარემოს ქიმია). ნ.გ. გახლავთ ანალიზური ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი და ხარისხიც დაცული აქვს შესაბამისი გრიფით _ ჰიდროქიმია და არა გარემოს ქიმია.
მოსარჩელე ნ.გ.-მ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით საკონკურსო კომისიის  ოქმები გაასაჩივრა  სასამართლოში მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე კომისიის დავალდებულება, რათა ამ უკანასკნელს რეალურად შეეფასებინა წარდგენილი დოკუმენტაცია და მიეღო ახალი გადაწყვეტილება კონკურსანტის საკონკურსო თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ.
2007 წლის 13 ივნისს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად ცნო საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმები, ასევე დაავალდებულა მოპასუხე მხარე, რომ კონკურსანტის მიერ წარდგენილი მასალები ხელახლა შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისი საკონკურსო თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ.