სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია მაესტროს ინტერესებს დაიცავს

2009-05-24 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 25 მაისს, 03:05 წთ-ზე ტელეკომპანია მაესტროში მომხდარ ინცინდენტს, რომლის დროსაც ტელეკომპანიის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა თუ ზეწოლის ფაქტებმა თანდათან მიიღო საშიში ტენდენციის ფორმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია მაესტროში მომხდარი აფეთქების ფაქტს აფასებს, როგორც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევისა და ჟურნალისტთა დაშინების მცდელობას, რომელიც ამავე დროს ატარებდა ადამიანთა სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ ხასიათს.

თავს უფლებას ვაძლევთ შევახსენოთ ხელისუფლებას, ოპოზიციასა და საზოგადოებას, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია და მისი ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღკვეთილი და მკაცრად დაგმობილი.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს ტელეკომპანია “მაესტროს” ინტერესებს აღნიშნულ საქმეში.