სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლოში კოლეგიების გადახალისება კანონის მცდარ განმარტებას ეფუძნება

2021-11-14 21:35
Featured image

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 6 აგვისტოს დადგენილების[1] შესაბამისად,გადახალისდა კოლეგიათა შემადგენლობა: მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი საქმიანობას პირველი კოლეგიის ნაცვლად მეორე კოლეგიაში აგრძელებს, ხოლო ახლად გამწესებული მოსამართლე, გიორგი თევდორაშვილი, პირველ კოლეგიაში შეუდგა უფლებამოსილებას (მაშინ როდესაც მისი წინამორბედი პირველი კოლეგიის წევრი იყო).[2]

კანონმდებლობის მიხედვით: „კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება გადახალისდეს აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობის ორი ან ორზე მეტი წევრით შეცვლიდან ერთი თვის ვადაში.“[3] პლენუმმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს გიორგი თევდორაშვილის მოსამართლედ გამწესებამ (იქამდე 2020 წლის 17 ივნისს ფიცი დადო ვასილ როინიშვილმა) ამ ნორმის ამოქმედების შესაძლებლობა წარმოშვა. ამგვარი მიდგომა არ გაიზიარა სამმა მოსამართლემ.[4] მათი აზრით არსებული წესი არ გულისხმობს, პლენუმის შესაძლებლობას, კოლეგიები ორი ან ორზე მეტი წევრის ნებისმიერ დროით შუალედში შეცვლის შემთხვევაში, გადაახალისოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამის საფუძველი მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა მოსამართლეები ერთი თვის შუალედში ჩანაცვლდებიან. 

საიას იზიარებს ამ უკანასკნელ ხედვას და მიიჩნევს, რომ ნორმის იმგვარი განმარტება, რომლითაც დროის ნებისმიერი ინტერვალით ორი ან მეტი მოსამართლის ცვლილება წარმოადგენს შემადგენლობის გადახალისების საფუძველს, აზრს უკარგავს წესის არსებობას და პლენუმს შესაძლებლობას აძლევს, ბოლო გადახალისების შემდეგ ორი მოსამართლის ცვლილებას ყოველ ჯერზე კოლეგიათა შემადგენლობის შეცვლა მოაყოლოს. ეს კი საფრთხეს უქმნის სასამართლოს მუშაობის ეფექტიანობას. ორგანიზაცია დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ განხილვის დროს უმრავლესობაში მყოფ მოსამართლეებს არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რომელიც ამგვარი გადაწვეტილების მიღების საჭიროებას დაადასტურებდა. ამგვარად საიას შეფასებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არასწორად განმარტა ნორმა და მოსამართლეთა როტაციას კანონისმიერი საფუძვლის გარეშე მიმართა. 

 

 


[1] პლენუმის დაგენილებას მხარი დაუჭრეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და გიორგი თევდორაშვილი.

[2] საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 6 აგვისტოს სხდომის #128 ოქმი.

[3] საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი.

[4] უმრავლესობის ხედვა არ გაიზიარეს მოსამართლეებმა: თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი.