სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა

2006-06-19 20:00
Featured image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი “საქართველოს საბაჟო კოდექსის” იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით) რომლის თანახმად სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისთვის გადაცემული დოკუმენტები კომერციულ საიდუმლოებად ითვლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილებით ეჭქვეშ დააყენა ყველა ის ღირებულება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მონაპოვრად იყო აღიარებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულებებს შესაძლებელია გააჩნდეთ კომერციული საიდუმლოება: “სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად დასაშვებად არის მიჩნეული სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან, რაც სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება”.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება (ნასყიდობა და სხვა) შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს კომერციულ საქმიანობად და აქედან გამომდინარე, დასაშვებია მისი გასაიდუმლოებაც. წარმოდგენილი ლოგიკით სრულიად ზედმეტია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაიდუმლოების პროცედურების დადგენა, ასევე, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის არსებობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველმყოფი ძირითადი აქტები - საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - არ განიცდის საკანონმდებლო ცვლილებებს, ინფორმაციის მოპოვების უფლება იზღუდება სხვა საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონსტიტუციური სარჩელით შეეცადა, წინ აღდგომოდა ინფორმაციის თავისუფლების უფლების კანონმდებლობით შეზღუდვის მცდელობებს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაცილებით შორეული გახადა სასურველი შედეგის მიღწევა.