სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სადამკვირვებლო მისია არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს

2020-11-21 08:28
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება. 

საიას სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონალური შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.

საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ განცხადება დღის ბოლოს და ერთ განცხადებას არჩევნების მეორე დღეს. საიას თავმჯდომარე მედიის საშუალებით შეაფასებს არჩევნების მიმდინარეობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს პრესკონფერენციას.

საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.