სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას 2018 წლის სამართლებრივი დახმარების შედეგები

2018-12-10 15:25
Featured image

2018 წელს საიამ წარმატებით დაასრულა 123 საადვოკატო საქმე, მათ შორის 3 - საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო 2 - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მოგებული საქმეების შედეგად შესაძლებელი გახდა კონკრეტული პირების უფლებების დაცვა, ასევე, ზოგიერთმა საქმემ პოზიტიური გავლენა მოახდინა კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შეცვლაზე. საია საადვოკატო დახმარებას აგრძელებს 300-ზე მეტ საქმეზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

წარმატებით დასრულებული საქმეები:

 

შრომის უფლება

  • - სხვადასხვა დაწესებულებას დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 19 პირის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
  • - სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ერთი პირის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს  კომპენსაციის გადახდა დაეკისრა;
  • - ერთი საჯარო მოხელის მიმართ გაუქმდა დაკისრებული დისციპლინური  პასუხისმგებლობის ზომა; 
  • - 2 საქმეზე, დასაქმებულებს, რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლების გამო, მიეცათ კუთვნილი საბოლოო ანგარიშსწორება, მათ შორის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება;  
  • - ერთ პირს აუნაზღაურდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული ტრავმის მკურნალობის ხარჯები.

 

დისკრიმინაცია

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა, კერძოდ:
    • - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებებით და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ამ საკითხის მარეგულირებელ აქტში;
    • - შშმ პირებისათვის სოციალურ/ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება უნდა უზრუნველყოს ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით;
  • - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მიეცა რეკომენდაცია, განსაზღვროს შესაბამისი წესი იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და მსგავსი საჭიროებების შემთხვევაში - თანაბარი პირობებით შეეძლოთ  ქალაქში არსებული პარკირების სივრცით სარგებლობა;
  • - დადგინდა სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთი ფაქტი;
  • - ასაკის გამო დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს  დამსაქმებელმა, მორიგების საფუძველზე, კომპენსაციის სახით 10000 ლარი გადაუხადა;
  • - საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე აღმოიფხვრა დისკრიმინაცია და მოსარჩელის მსგავსად სხვა დევნილ ოჯახებსაც (რომელთა ოჯახის წევრი/წევრები არიან ორმაგი მოქალაქეები) მიეცათ შესაძლებლობა, საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მიმართონ სამინისტროს და მოხდეს მათი განაცხადების განხილვა არსებული კრიტერიუმების შესაბამისად;
  • - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო პირი ვერ სარგებლობდა „დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის“ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მშობიარობის, საკეისრო კვეთის მომსახურებით. დადგინდა მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში, იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

 

ძალადობისგან დაცვა

  • - 12 მსხვერპლის (მათ შორის - 2 არასრულწლოვნის) მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი;
  • - დამცავი ორდერი გამოიცა ადევნების 1 ფაქტზე;
  • - 5 მოძალადე დამნაშავედ იყო ცნობილი და შეეფარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი;
  • - გენდერული ნიშნით ძალადობაში ბრალდებული პირი ცნობილი იყო დამნაშავედ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩადენისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით;
  • - გაუქმდა მსხვერპლის წინააღმდეგ უსაფუძვლოთ გამოცემული შემაკავებელი ორდერები;
  • - ოჯახში ძალადობის 2 მსხვერპლს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცა;
  • - ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 4 ქალის სასარგებლოდ დასრულდა განქორწინების საქმე;
  • - მოძალადე მამას, რომელმაც მოკლა ცოლი, არასრულწლოვნის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა დაეკისრა.

 

სოციალური უფლებები

  • - სოციალურად დაუცველ ოჯახს აუნაზღაურდა სოციალური დახმარების უკანონოდ შეწყვეტის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი;
  • - 2 ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა დავა და მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭათ;
  • - 2 პირს აღუდგა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი, რის საფუძველზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებას შეძლებენ.

 

არასრულწლოვანთა უფლებები

  • - 20 საქმეზე, არასრულწლოვნების სასარგებლოდ, მოპასუხეს (მამას) დაეკისრა ალიმენტის გადახდა; 
  • - ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის სააქტო ჩანაწერში შევიდა ცვლილება და მამის გრაფაში მიეთითა არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამა, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

 

პატიმრების უფლებები

  • - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა, უზრუნველეყო N7 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისთვის სასჯელის სათანადო პირობების შექმნა და დააკისრა მსჯავრდებულისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

გამოხატვის თავისუფლება

  • - საია იცავდა ჟურნალისტს, რომელსაც საჯარო მოხელე ცნობების უარყოფას სთხოვდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო მოხელის მოთხოვნა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტს არ გაუვრცელებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიმართ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი განცხადებები (ცნობები);
  • - ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ირაკლი კორძაიას მიერ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერით გაკეთებული კომენტარი არ ჩაითვალა ცილისწამებად. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე ზვიად ჯანყარაშვილის არგუმენტები და მიიჩნია, რომ ირაკლი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადება იყო შეფასებითი  მსჯელობა და დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით.
  • - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ გიორგი კლდიაშვილის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, შსს-მ აღიარა, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი კლდიაშვილის დაკავების შესახებ იყო შეცდომაში შემყვანი და არასწორად აღწერდა ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ინფორმაციის მიღება

  • - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ შეძლო  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან ისლამის აღმსარებლობის ორგანიზაციების წარმომადგენლობითი საბჭოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის  მიღება.

 

განათლების უფლება

  • - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა კონკურსანტის - ქამრან მამედოვის ხელახლა შეფასება ერთ-ერთი უნივერსიტეტის მაგისტრატურის ერთწლიან პროგრამაზე სოციალური მეცნიერებების (საერთაშორისო მიგრაცია და ეთნიკური უმცირესობა) მიმართულებით სწავლის დაფინანსების მიზნით.

 

მიყენებული ზიანის ანაზღაურება

  • - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმთან ერთად, დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. პირს დაზიანება მიადგა მუზეუმის აივნის ჩამონგრევის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი, უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და დაენიშნა ყოველთვიური სარჩო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობის განმავლობაში;
  • - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობის გამო, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაევალა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება;
  • - შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოქალაქისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება იმის გამო, რომ იგი დაულუქავ ჭაში ჩავარდა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება;
  • - შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა პირის სასარგებლოდ, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან  აშკარა უკანონო ძალადობრივ მოპყრობას დაექვემდებარა;
  • -  სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" მორალური ზიანი აუნაზღაურა შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს;

 

ჯანმრთელობის დაცვა  

  • - მოსარჩელეს სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა მის მიერ გაღებული მკურნალობისა და სამედიცინო ექსპერტიზის ხარჯები.

 

საკუთრების უფლება

  • - მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მაღალი ძაბვის ანძის უნებართვო განთავსების გამო „თელასს“ დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდა;
  • - 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახის სასარგებლოდ, ქონების მართვის სააგენტოს დაევალა კომპენსაციის გაცემა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით;
  • - მოსარჩელესა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შედგა მორიგება და მოსარჩელეს ეკლესიამ დაუბრუნა 2 მიწის ნაკვეთი;
  • - ერთმა ფიზიკურმა პირმა შეძლო უძრავი ქონების დარეგისტრირება.

 

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება

  • - საია იცავდა ფიზიკურ პირს, რომელიც მის მეზობლად არსებული ავტოსამრეცხაოდან მომდინარე ხმაურის გამო ვერ სარგებლობდა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს აეკრძალათ სამრეცხაოს ფუნქციონირება.

 

სამართალდარღვევის საქმეები

  • - 10 პირის მიმართ, რომელთაც პოლიცია სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდა, საქმის წარმოება შეწყდა ან/და არ მოხდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;

 

პერსონალური მონაცემების დაცვა

  • - პირმა შეძლო დარღვეული პერსონალური მონაცემების დაცვა. დამრღვევს მიეცა გაფრთხილება და დაევალა უკანონოდ გამოქვეყნებული მონაცემების წაშლა. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეცა რეკომენდაცია, უკეთ განსაზღვროს შიდა რეგულაციების და პოლიტიკის მეშვეობით მონაცემთა დაცვის ვალდებულების შესრულების ბერკეტები;
  • - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საიას ბენეფიციარის მიმართ დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების დარღვევა და ადმინისტრაციული  სახდელის სახით შეუფარდა ჯარიმა 2000 ლარი. ასევე, დაავალა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მონაცემების წაშლა.

 

სისხლის სამართლის საქმეები

  • - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის ბრალდებული პირის მიმართ გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი;   
  • - უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის ბრალდებული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა. პროკურატურამ განრიდების მიზნით გამოითხოვა საქმე სასამართლოდან, რის შემდეგაც ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
  • - ჟურნალისტის ცემის საქმე  - 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ვარკეთილში ავტომანქანების სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ზურაბ ვარდიაშვილის მიმართ ლაშა მანწკავამ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ზურაბ ვარდიაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობა დაუზიანდა. 2018 წლის 17 დეკემბერს მოძალადის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი ს.ს.კ.-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის. დაზარალებულის - ზურაბ ვარდიაშვილის უფლებები იქნა დაცული. დაზარალებული წარმოადგენს მედია ორგანიზაციის თანამშრომელს და ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას, რის გამოც მნიშვნელოვანი იყო მისი ინტერესების დაცვა.

დაზარალებულთა უფლებები

  • - საიამ დაიცვა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი. მოძალადე ცნობილია დამნაშავედ მსხვერპლის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის. მოძალადეს დაენიშნა შესაბამისი სასჯელი;
  • - საიამ უზრუნველყო სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა, ხოლო ძალადობის ჩამდენი არასრულწლოვნის მიმართ გაფორმდა განრიდება;
  • - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის პასუხისგებაში მიეცა 2 პოლიციელი;
  • - საიამ დაიცვა სათხილამურო ტრასაზე გაუფრთხილებლობით გარდაცვლილი პირის ოჯახის ინტერესები. ბრალდებულს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.

 

 

2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული საქმეები

  • - დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საია დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურობის გამო, რომლითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ზოგიერთ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული სააპელაციო წესით გასაჩივრების შეზღუდვა იმ შემთხვევებში, როდესაც: 1) დადგენილება გამოტანილია მძიმე სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ქმედება სანქციის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას), მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის სახით გამოიყენა ჯარიმა. 2) ერთი ინსტანციის სასამართლოები განსხვავებულად განმარტავენ ნორმებს.

  • - ნანა ფარჩუკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მინისტრის 2013 წლის 1-ლი აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას. ამ საქმეში საია ამტკიცებდა, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ.) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. ამასთან, გასაჩივრებული ნორმა არ ადგენდა, დღეში რამდენჯერ შეიძლებოდა გაშიშვლების ღონისძიების გამოყენება. გარდა ამისა, ბრძანებით ასევე არ იყო განსაზღვრული, რა შემთხვევებში ჰქონდა დირექტორს გაშიშვლების ღონისძიების გამოყენების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებულ უფლებას არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის თაობაზე, ასევე, პირადი ცხოვრების უფლებას.

 

- 2018 წლის 14 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის სიტყვები, რომელიც კრძალავდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრებას. შედეგად, ყველა ის პირი, რომელსაც აქამდე კანონი არ აძლევდა შესაძლებლობას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილება გაესაჩივრებინა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, შეძლებს სასამართლოსთვის მიმართვას. ვრცლად

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2018 წელს მოგებული საქმე

- რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

2018 წლის 31 მაისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა დადებითი გადაწყვეტილება საიას მიერ 2008 წელს წარდგენილ საჩივარზე. საქმეში მომჩივანი დავობდა, რომ მას, როგორც მსჯავრდებულს, არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, რადგან იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა პატიმრებს ართმევდა აქტიური ხმის მიცემის უფლებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობა, რომელიც პატიმრებს უკრძალავდა ხმის მიცემას, იყო ზოგადი, ავტომატური, განურჩეველი ხასიათის და ვრცელდებოდა ყველა მსჯავრდებულზე, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა, სიმძიმისა ან სასჯელის ხანგრძლივობისა. მართალია, 2011 წელს კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი შეიცვალა და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ პატიმრებს მიეცათ ხმის მიცემის უფლება, თუმცა, ამ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია მომჩივნის სიტუაციაზე 2008 წლის 21 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის მიმართ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევას.

ევროპულმა სასამართლომ გიორგი ტოროშელიძის სიცოცხლის უფლების დარღვევაში საქართველო პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო