სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის 6 თვის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2012-06-14 11:39
Featured image

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პრეზენტაცია 2012 წლის 14 ივნისს გაიმართა.

პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა.

საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი 2011 წლის ოქტომბერიდან 2012 წლის აპრილამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ:

არსებითი განხილვების უმეტესობაში შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყო, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოსამართლემ თავის ნეიტრალურ როლს მკვეთრად გადაუხვია (მოწმეთა დაკითხვის შემთხვევები);

მოსამართლეთა გადაწყვეტილებები პირველი წარდგენის სხდომებზე აღკვეთის ღონიძიების შეფარდებისას, როგორც წესი, არ იყო დასაბუთებული;

სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამოიკვეთა მოსამართლეთა მიკერძოებული მიდგომა პროკურატურისადმი - ბრალდების აბსოლუტურად ყველა შუამდგომლობა იდენტურად დაკმაყოფილდა;

არც ერთ შემთხვევაში სასამართლოს ბრალდებული არ დაუტოვებია აღკვეთის ღონისძიების გარეშე;

სასამართლო იყენებდა მხოლოდ 2 სახის  (გირაო/პატიმრობა) აღკვეთის ღონისძიებას და არასოდეს უფრო მსუბუქ ფორმას.

მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს ფაქტებზე დაფუძნებულ ობიექტურ მონაცემებს და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დასკვნები ხელს შეუწყობს მომავალში სისხლის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში პოზიტიურ ცვლილებებს.