სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე მოსაზრებები წარადგინა

2024-04-01 14:01
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა მოსაზრებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვრონ. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად.

საიას მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილებები გააძლიერებს პარტიათა რეგიონულ უთანასწორობას და ის პარტიები, რომელთაც შედარებით სუსტი რეგიონული წარმომადგენლობა ჰყავთ, კონკრენციას ვერ გაუწევენ სხვა ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს. ამასთანავე, შემოთავაზებულ რედაქციაში ბუნდოვანია, თუ რომელი პარტიიდან ეყოლება კონკრეტულ ოლქს დელეგატი (დეპუტატის ამომრჩეველთან ბმის მიზნით, როგორც ეს განმარტებით ბარათშია დასაბუთებული), თუკი შესაბამის ოლქზე რამდენიმე პარტია განსაზღვრავს დელეგატს და ყველა კანდიდატი პარლამენტში აღმოჩნდება. შესაბამისად, წარმოდგენილი ინიციატივა პროპორციული არჩევნებში აძლიერებს მაჟორიტარიზმის ელემენტებს, რაც შესაძლოა უკან გადადგმული ნაბიჯი იყოს პარტიული დემოკრატიის განვითარებაში.

მეორე ცვლილება შეეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატებისათვის დადგენილი 40%-იანი ზღვრის გაუქმებას, რაც ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს არჩევნებში გაიმარჯვებს მაჟორიტარობის ის კანდიდატი, რომელიც ყოველგვარი ზღვრის გარეშე ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას დააგროვებს. წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ამ ცვლილების მიზეზად ასახელებს მეორე ტურების ჩატარების გამო საკრებულოს სწრაფად დაკომპლექტებისა და მათი ეფექტური საქმიანობის ხელშეშლას. ამასთან, ინიციატორები ცვლილების მიზნად მეორე ტურების გამართვასთან დაკავშირებული ფინანსური სახსრების დაზოგვას ასახელებენ. პირველ რიგში, აღნიშნული ინიციატივა აძლიერებს მაჟორიტარიზმის იმ უარყოფით მხარეს, სადაც არჩევნებში შესაძლოა იმ კანდიდატმა გაიმარჯვოს, რომელმაც სხვებზე მეტი, მაგრამ ამომრჩევლების საერთო ხმების განსაკუთრებით მცირე რაოდენობა მიიღო. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს ზოგადად არჩევნების, როგორც პირდაპირი დემოკრატიის განხორციელებას.

საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარულ სისტემებში ემსახურება იმას, რომ არჩევნების შედეგად გამოვლინდეს ისეთი გამარჯვებული, რომელიც თანხვდება ამომრჩეველთა მაქსიმალურად დიდი ჯგუფის სურვილებს. მეორე ტურის არსებობა კი ხელს უწყობს საარჩევნო პერიოდის გაჯანსაღებას, პოლიტიკურ პარტიათა კონკურენტუნარიანობის გაზრდასა თუ საერთო კონსენსუსისკენ სწრაფვას. ამასთანავე დემოკრატიის პრინციპის მაქსიმალურად განხორციელების ინტერესი ვერ გადაიწონება ფინანსური თუ ფუნქციონირების ხელისშემშლელი ფაქტორებით. მით უფრო, რომ მეორე ტურის აღნიშნული პროცედურის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთ თვემდე აღწევს და ეს ვადაც არ გამხადარა საკრებულოების საქმიანობის შეფერხების მიზეზი. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებს და გამოიწვევს თვითმმართველობის დონეზე მაჟორიტარიზმის კვლავ გაძლიერებას.