სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“

2016-05-31 15:28
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 31 მაისს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები:

- კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო დანახარჯების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით. სახელმწიფო საწარმოების საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა, მართვის რომელი მოდელები და სტრატეგიები ამცირებს კორუფციას (კევინ რ სმიტი - საიას მიერ მოწვეული ექსპერტი);

- საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოები - გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემები (საია);

- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო);

- სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის აუდიტის შედეგები - გამოწვევები და რეკომენდაციები (სახელმწიფო აუდიტის სამსახური);

- ხორვატიის ანტიკორუფციული პროგრამა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის (საია).

კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევების და პრეზენტაციების ძირითადი ფოკუსი მიმართული იყო სახელმწიფოს/თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე, შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების ხედვასა და დამოკიდებულებაზე, რამაც დიდწილად უნდა განსაზღვროს სახელმწიფოს/თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირების სამომავლო განვითარება და საქმიანობა.

საია კვლავაც აპირებს აღნიშნული თემის ირგვლივ საქმიანობის გაგრძელებას. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა უწყებათაშორისი საბჭოს/ფორუმის საქმიანობაში, რომელთა ინტერესის სფეროშიც ექცევა სახელმწიფოს/თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემები. გარდა ამისა, საია გეგმავს, საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში არსებულ დაინტერესებულ ჯგუფებს და თემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარუდგინოს კვლევა, რომელიც თვითმმართველობების საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემებს უკავშირდება.