სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე მიძღვნილი ღონისძიებით გახსნა

2008-12-09 20:00
Featured image
10 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა კვირეული გახსნა. კვირეულის განმავლობაში საიას მიერ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

ზუსტად 60 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აღიარებს.

წლევანდელი კვირეული აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა.

პრეზენტაციაში პრობლემები წარმოდგენილი იყო ორი ნაწილად _ აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს და შემდეგ.

პირველ ნაწილში რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან და მძიმე დარღევებს, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა,  საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის აკრძალვა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაკავშირებულია დევნილთა ამჟამინდელ მდგომარეობასთან. სხვა მრავალ დაურეგულირებელ საკითხებს შორის გამოკვეთილი პრობლემებია ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფა,  კვება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, კომპენსაციათა დანაწილება და განათლება. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.

საია დღესაც აგრძელებს საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული მოქალაქეების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით საიას დაკვეთით იქნა გადაღებული და დევნილების რეალური პრობლემებია აღწერილი.

ადამიანის უფლებათა კვირეული 19 დეკემბარმდე გაგრძელდება.