სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ #15 დაწესებულების მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებების თაობაზე პრესკონფერენცია გამართა

2012-06-29 13:40
Featured image

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია შეხვდა  ცხრა მსჯავრდებულს, რომლებმაც ქსნის #15 დაწესებულებიდან ა.წ. 24 ივნისს გადაიყვანეს #1 დაწესებულებაში.  მსჯავრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტებები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. მეტიც, სამი მსჯავრდებული,  ბესიკ გულედანი, ზურაბ ნასყიდაშვილი, და პაატა მოდებაძე თანახმანი არიან, რომ მოხდეს მათი სახელებისა და გვარების გასაჯაროება; რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ამ ეტაპზე  თავიანთი ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.

მსჯავრდებულებთა განცხადებით მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებებს ადგილი ქონდა, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისას, ასევე შემდგომ პერიოდშიც. პატიმართა ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა შემდეგი ტიპის უკანონო ქმედებები:

მსჯავრდებულთა მოთავსება ნესტიან და ბინძურ აბანოში რამდენიმე დღის განმავლობაში;

სიტყვიერი შეურაცხოფა, გამოხატული შეურაცმხოფელ ფრაზებსა და გინებაში, ხოლო ფიზიკური შეურაცხოფა/ცემა ფეხებით, მუშტითა და ხელკეტით;

მსჯავრდებულთათვის კუთვნილი ნივთების უკანონო ჩამორთმევა;

მსჯავრდებულთათვის ჰიგიენური საშუალებები გადაუცემლობა, მათი შეძენის იძულების მიზნით;

დასჯის მიზნით საკნის კარის ჩაკეტვა და მსჯავრდებულთა გადაადგილების შეზღუდვა რამდენიმე დღის განმავლობაში; ასევე სამარტოო საკანში მოთავსება განმარტებების გარეშე;

თებერვლის თვეში, სიცივეში პერანგის ამარა მსჯავრდებულთა იძულებითი მოთავსება ღია ფანჯარასთან;

ელექტროშოკური მოწყობილობით ტკივილის მიყენება მსჯავრდებულთათვის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე;

მსჯავრდებულთა მიბმა ხელებით ლოგინზე;

იძულებითი წესით თავის გადაპარსვა;

მსჯავრდებულებები ასახელებენ კონკრეტულ პირებს,  რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებში. მსჯავრდებულთა მიერ დასახელებული პირებია: შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, გელა იოსავა, ასევე ვინმე, ფარჯანაძ, უჩა, კახა, და დიმა. მსჯავრდებულები პრეტენზიას ექიმის მიმართაც გამოთქვამენ, ვინაიდან, მათი განცხადებით ფიზიკური შეურაცხოფის მიღების შემდეგ, უშედეგოდ ითხოვდნენ ექიმთან შეხვედრას.

საიას დაუშვებლად მიაჩნია მსჯავრდებულთა მიმართ უკანონო და ამავდროულად ღირსებისა და პატივის შემლახავი ქმედებების განხორციელება. შესაბამისად, მოუწოდებს:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით;

2. საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და უზრუნველყოს ფაქტების ეფექტური გამოძიება;

3. #15 დაწესებულების ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმართა მიმართ უკანონო ქმედებები.

ამასთან, საია იმედოვნებს, რომ ფაქტების გახმაურება არ შუექმნის საფრთხეს კოლექტიური განცხადების ავტორთა უსაფრთხოებას და მათ მიმართ არ განხორციელდება მორიგი უკანონო, ღირსების შემლახავი ქმედებები.