სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ტელეკომპანია „იმედიდან“ თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს აპროტესტებს

2009-05-08 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას მედიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამჯერად, ყურადღებას ვამახვილებთ ტელეკომპანია “იმედიდან” ანა გოჩაშვილის წარმოსვლისა და ორი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტზე.

ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლები თავიანთ გაშვებას უკავშირებენ მათ მიერ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისათვის გაგზავნილ წერილს, რომელიც მიმდინარე პროცესების ფონზე საინფორმაციო გამოშვებებში თემების არაობიექტურ გაშუქებას უკავშირდებოდა. (იხ. http://media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=4650)

პროცესების გაშუქების საკითხისადმი კონკრეტული პირების დამოკიდებულება შესაძლოა სუბიექტური შეფასება იყოს, მაგრამ რადგან საკითხი ეხება სარედაქციო და ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, იგი მეორე მხარისაგან საჭიროებს ადეკვატურ და დამაჯებელ პასუხებს.

სამწუხაროდ, აღნიშნულის საპირისპირო აღმოჩნდა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით “იმედის” გენერალური დირექტორის, ბიძინა ბარათაშვილის კომენტარი, რომლის თანახმად, იგი გამოთქვამს წუხილს ფაქტის გახმაურების თაობაზე და აცხადებს, რომ “ეს არის არხის შიდა პრობლემა და ამის განხილვა საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს.”

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო შეზღუდვას, კიდევ უფრო მეტად იზრდება მედიადამსაქმებლის პასუხისმგებლობა დაასაბუთოს “შიდა სამზარეულოში” მიღებული გადაწყვეტილებები, რადგან კანონით “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალისმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდომლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება. (იხ. მუხლი 3, პუნქტი 2, ქვეპუნქტი “დ”).

ამასთან, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად “იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ კოდექსით განსაზღვრულ წესებს, იგი ვალდებულია აღნიშნული ქმედება დაასაბუთოს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით, გონივრული საფუძვლებით  და  მოახდინოს სარედაქციო პროცესის ნათლად და მკაფიოდ დემონსტრირება კოდექსის პრინციპების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი ბრალს სდებს არხის ხელმძღვანელობას ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევასა და ცენზურაში, საუბარი არხის “შიდა საკითხებზე” სცდება ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს. ასევე, ზრდის რეალური ჩარევის რწმენას.

წინამდებარე განცხადებით საია კიდევ ერთხელ შეახსენებს ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობას, რომ ისინი სარგებლობენ საზოგადოებრივი რესურსით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანგარიშვალდებული არიან ამ საზოგადოების წინაშე, ეს ანგარიშვალდებულება კი სწორედ საჯაროდ და გამჭვირვალედ საქმიანობაში ვლინდება.