სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

2009-03-18 20:00
Featured image
19 მარტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

დღეისათვის საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური თემაა ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით კი, საავტომობილო გზების მშენებლობა და რეკონსტურქცია. ამ პროექტებს ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებიდან თუ საერთაშორისო დახმარებებიდან ასეულობით მილიონი ხმარდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მონიტორინგი", რომლის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს #1 მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალის – თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის ნატახტარი-აღაიანის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სამართლებრივი და ფინანსური მონიტორინგი.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთის მშენებლობას და განათებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 500 000 ლარი მოხმარდა.

მონიტორინგის შედეგად ზემოაღნიშნული თანხის განკარგვის პროცესში არაერთი კანონდარღვევა გამოვლინდა, კერძოდ:

•    მრავალჯერ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები;
•    დაფიქსირდა ტენდერის მონაწილეთა მიმართ არათანაბარი მიდგომა და სხვა;

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონტროლის პალატას და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა ტენდერის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება და დამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა.

იხ. ანგარიში.