სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თამაზ გრატიაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

2020-07-04 16:01
Featured image

2020 წლის 9 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი. მისი განმარტებით, როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. აღნიშნულ საქმეში საია 17 ივნისს დაზარალებულის ინტერესების დასაცავად ჩაერთო.  

თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, 2020 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად. გვიან ღამით, როდესაც სახლში ფეხით ბრუნდებოდა, მის გვერდით გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ოდიშარია იჯდა. მისი დავალებით, ამავე განყოფილების სხვა თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე, ტრანსპორტირებისას, მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაშიც. თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციის თანამშრომელი, თორნიკე კაჭახმაძე. მოგვიანებით, თამაზ გრატიაშვილი დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც გარეგანი დათვალიერება ჩაუტარდა. სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებების აღმოჩენის შემდგომ, აღნიშნული ფაქტი ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამომძიებელი იმავე დღეს შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იმავე დღეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში მასთან თორნიკე კაჭახმაძე შევიდა, განუმარტა, რომ სასამართლო განიხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მოსთხოვა სასამართლოში ეღიარებინა, რომ ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში იგინებოდა, ილანძღებოდა და პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. თამაზ გრატიაშვილი განმარტავს, რომ იძულებული გახდა სასამართლოში ეღიარებინა ის სამართალდარღვევა, რაც არ ჩაუდენია. სასამართლომ მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.  

გამოძიების დაწყების შემდგომ, თამაზ გრატიაშვილმა საია-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას უცნობი პირები უკავშირდებიან და მომხდარ ფაქტზე გაჩუმებას მოითხოვენ. კერძოდ, 2020 წლის 21 ივნისს, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც 10 000 ლარის სანაცვლოდ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვა. ხოლო 3 ივლისს, ფეხით გადაადგილებისას ავტომანქანამ გზა გადაუჭრა. საჭესთან მჯდომმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საჩივრის გამოტანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

მომხდარ ფაქტებზე საია-მ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები. აღსანიშნავია, რომ თამაზ გრატიაშვილს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულად ცნობის გარეშე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ეფექტიანად იყოს ჩართული სამართალწარმოების პროცესში, გაეცნოს საქმის მასალებს და გააკონტროლოს, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს. 

აღსანიშნავია, რომ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.  

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საია მოუწოდებს:

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 

 

  • უზრუნველყოს თამაზ გრატიაშვილის დაზარალებულად დროულად ცნობა და ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით;

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;
  • თამაზ გრატიაშვილის დასაცავად გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.