სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ ასაჩივრებს

2020-07-20 17:18
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის 25 მაისს პაატა დიასამიძის სახელით წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე ახდენდა შრომის უფლების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებას. ეს უფლებამოსილება მთავრობას ჰქონდა  2020 წლის 15 ივლისამდე.

აღნიშნული სარჩელი 2020 წლის 5 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო, თუმცა 2020 წლის 15 ივლისამდე საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ მოახერხა ამ საქმის დასრულება. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 14 ივლისს მთავრობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ვადა გაახანგრძლივა 2021 წლის 1 იანვრამდე. საია კვლავ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობაზე შრომისა და გადაადგილების თავისუფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 26-ე მუხლებს. ამის გამო, საიამ ამჯერად 2021 წლის 1 იანვრამდე მთავრობისათვის გადაადგილების თავისუფლების და შრომის უფლების შეზღუდვის დელეგირების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ახალი სარჩელი წარადგინა. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიმოსვლის თავისუფლების  შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს არა მთავრობის ან რომელიმე მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, არამედ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით. სწორედ ამის გამოა, მთავრობისათვის ამ უფლებამოსილების დელეგირება არაკონსტიტუციური.