სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

2018-01-16 12:12
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა, რაც გულისხმობს ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის  შესაძლებლობას მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. საკანონმდებლო წინადადება განსაკუთრებით ხელს შეუწყობს  ქორწინებაში მყოფ ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვას, რადგან საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით,  ქალების სახელზე ძირითადად არ არის დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მათ, უმეტეს შემთხვევაში, უწევთ სასამართლოს გზით თანასაკუთრებაზე უფლების აღიარება.

საკანონმდებლო წინადადება განსაზღვრავს ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავი ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის სპეციალურ წესს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებული ცვლილებით მეუღლეს უფლება აქვს ქორწინების პერიოდში მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია. უფლების რეალიზაციისათვის საკმარისია მეუღლემ საჯარო რეესტრში წარადგინოს ქორწინების მოწმობა ან შესაბამისი ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციისათვის მეორე მეუღლის თანხმობის წარდგენა არ არის საჭირო. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილება თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ ქორწინების პერიოდში, რადგან განქორწინების შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.

შეთავაზებული ცვლილება უზრუნველყოფს მეუღლეთა მიერ ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების სათანადო რეალიზაციას, შეამცირებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთპიროვნულად განკარგვის რისკებს და მეუღლეებს თავიდან აარიდებს სასამართლოში თანასაკუთრების მტკიცების ტვირთს.

საკანონმდებლო წინადადება ეფუძნება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2016 წლის საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას „მეუღლეთა თანასაკუთრება მსოფლიოს სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში“, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

საია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილ მოსაზრებებს და უზრუნველყოფს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნას.