სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს

2009-12-10 06:30
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

საიასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეებს წარმოადგენენ მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრები, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან “შეკრებისა და მანიფეტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ცალკეული ნორმის, მათ შორის მე-11 პრიმა მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებაში.

ეს არის ის, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა კანონში შეიტანა 2009 წლის 17 ივლისს. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ტრანსპორტის სავალი ნაწილი მხოლოდ იმ დროის განმავლობაში რჩება გადაკეტილი, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) სიტყვები: ,,სხვა ამგვარი ქმედება.” ეს არის ის ნორმა, რომლითაც ჯაბა ჯიშკარიანს და დაჩი ცაგურიას არაერთხელ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელები (ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა), მაშინ როდესაც აღნიშნული ადამიანები საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობდნენ.

კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ასევე ,,შეკრების და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონთან, მათ შორის 2009 წლის 17 ივლისისს ცვლილებებთან, დაკავშირებით ვენეციის კომისიის ორი წევრის, ბოგდან აურეშკუს (რუმინეთი) http://www.venice.coe.int/docs/2009/CDL(2009)153-e.asp და ფინოლა ფლენეგანის (ირლანდია) http://www.venice.coe.int/docs/2009/CDL(2009)153-e.asp მოსაზრებებს.