სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს პრეზიდენტის ინიციატივის წესით წარდგენილი ცვლილება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში

2007-06-14 20:00
Featured image

15 ივნისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში 53-3 მუხლის კვლავ შემოტანას. ამ ცვლილების მიხედვით, სააქციო საზოგადოებაში 95% აქციების მფლობელ აქციონერს უფლება ეძლევა დარჩენილი 5% აქციების შესყიდვისა, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა 5% აქციების მფლობელ აქციონერ(ებ)ს საკუთარი აქციების გაყიდვის სურვილი.

საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ცვლილების მიღება, იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების უხეში დარღვევა და სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი წესრიგის დაუმორჩილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და შესაბამისად, გააუქმა "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 533 მუხლი, რადგანაც იგი არღვევდა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები). საქართველოს პრეზიდენტმა კი, ყოვლად დაუსაბუთებლად, დაჩქარებული წესით, წარადგინა პარლამენტში ანალოგიური შინაარსის მუხლის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიღებაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობა იქნება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს პრეზიდენტის ინიციატივის წესით წარდგენილი ცვლილება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, რათა არ მოხდეს უპრეცენდენტო შემთხვევა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისა.