სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

2016-05-23 02:37
Featured image

2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს.

ხმის მიცემის პროცესში ჩვენმა დამკვირვებლებმა  დააფიქსირეს ოთხი შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და ერთი საჩივარი საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსებასთან დაკავშირებით, რომლითაც კომისიის თავმჯომარისა და მდივნის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვეს. დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ ზეპირ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს. დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.

რაც შეეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებმა, განსხვავებით ხმის მიცემის პროცესისაგან, იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც საიას დამკვირვებლები ახორციელებდნენ დაკვირვებას გაცილებით მშვიდ ვითარებაში, პროცედურული დარღვევების გარეშე ჩაიარა. მართალია, რიგი საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, თუმცა ისინი შემაჯამებელ პროცესს მშვიდ ვითარებაში ელოდებოდნენ.

გამონაკლისია კასპის #30.12 ოლქი, სადაც 37-ე უბანში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის პარტიული ნიშნით დანიშნულ კომისიის წევრებს შორის, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.

საიას დამკვირვებლებს საჩივრები და შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში აღარ დაუფიქსირებიათ, გარდა ზუგდიდის #67.15 53-ე და  კასპის #30.12  22-ე უბნებისა, კერძოდ: ზუგდიდის ოლქის 53-ე უბანზე ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში, ვინაიდან შეჯამება პროცედურული დარღვევების ფონზე წარიმართა, კერძოდ: როდესაც კომისიის წევრები ბიულეტენების დათვლას მორჩნენ, გამოიკვეთა, რომ მდივანს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში არ ჰქონდა დაფიქსირებული მისული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა. კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს სიების  ხელახალ გადათვლაზე და შემაჯამელ ოქმში მონაცემები ზეპირად მიუთითეს, ასევე სათანადოდ არ მოხდა დოკუმენტაციის დალუქვა. საიას დამკვირვებელმა საჩივრით შემაჯამებელი ოქმის ბათილობა, შედეგების გადათვლა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა მოითხოვა.

ხოლო კასპის ოლქის 22-ე უბანზე სადაც საიას დამკვირვებელმა ერთი საჩივარი დაწერა, ვინაიდან საკონტროლო ფურცლების მონაცემებს შორის განსხვავება გამოვლინდა. საიას დამკვირვებელმა საჩივრით შეჯამების შეწყვეტა, ყუთის დალუქვა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა მოითხოვა, თუმცა საუბნო კომისიამ გააგრძელა შედეგების შემაჯამებელი პროცესი. საიას დამკვირვებელმა ფაქტი საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა, რითიც  შედეგების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა დააყენა. უნდა აღინიშნოს, რომ  საიას დამკვირვებელი ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე 23:35 საათზე იმყოფებოდა, თუმცა კომისიამ მისი საჩივარი მხოლოდ 00:05 საათზე დაარეგისტრირა და ხელოვნურად მოახდინა პროცედურის გაჭიანურება.

ჯამში, საიას დამკვირვებლებმა სამი საჩივარი და ოთხი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

საიამ კენჭისყრის დღეს შემდეგი დარღვევები დააფიქსირა:

ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

ინცინდენტები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე:

დაფიქსირდა სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტი წყალტუბოს 50-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. 

ამომრჩეველთა ნებაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენის მცდელობები

ზუგდიდის 53-ე და 54-ე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდნენ მცირე ჯგუფებად მყოფი პირები, რომლებიც მისული ამომრჩევლების აღრიცხვასა და უბანზე მისვლის კონტროლს ახორციელებდნენ ვიდეო გადაღების საშუალებით. ამომრჩევლების აღრიცხვა ოზურგეთის ოლქის მე-7 უბნის მიმდებარედაც დაფიქსირდა. იხილეთ საიას დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ვიდეო მასალა. აღნიშნულს საია აფასებს, როგორც ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენის მცდელობას.

საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები მობილიზებული იყვნენ გარდაბნის, კასპის, ოზურგეთისა და წყალტუბოს ოლქების უბნების მიმდებარე ტერიტორიებზეც.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ოზურგეთის ოლქში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი სახელმწიფო ხელისუფლების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა. ამ უკანასკნელმა გადაადგილების ფაქტი მედიასთან დაადასტურა, თუმცა უარყო აგიტაციაში მონაწილეობა.

დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები:

იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. ერთ შემთხვევაში, კერძოდ კი ზუგდიდის ოლქის 53-ე  უბანში კენჭისყრის პროცედურა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურების მიმდინარეობას, მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 20:00 საათისთვის დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთი ფაქტი დაფიქსირდა კასპის 37-ე უბანში რა დროსაც მოქალაქემ ხმა საარჩევნო კაბინის გარეთ მისცა და ღიად განაცხადა მისი არჩევანის შესახებ.

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტი

კასპის ოლქის 37-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მონაწილეობა არასათანადო დოკუმენტაციით, კერძოდ: დევნილმა პირმა არჩევნებში მონაწილეობა დევნილის მოწმობის გარეშე მიიღო. რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, რომლის მიხედვითაც პირადობის მოწმობასთან ერთად, იძულებით გადაადგილებულმა პირმა დევნილის მოწმობაც უნდა წარმოადგინოს.

 

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება

წყალტუბოს  51-ე საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება დააფიქსირა.

არაუფლებამოსილი პირის  რეგისტრირება დამკვირვებლად  და ყოფნა საუბნო საარჩევნო კომისიაში

ოზურგეთის 59-ე საუბნო საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით საკრებულოს წევრს არ აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი. მოგვიანებით, ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს მდივნის განკარგულება ასკურავას დამკვირვებლად რეგისტრაციის ნაწილში და ამ უკანასკნელმა დატოვა საუბნო საარჩევნო კომისია.

დამატებითი ინფორმაცია

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დაკვირვებას  როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებდა. ორგანიზაციის ყურადღება კენჭისყრის პროცესებზე დაკვირვების გარდა, მიმართული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების  მხარდამჭერთა პირების მიმართ, რომლებიც შეკრებილები იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებთან და რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე მოვლენების ესკალაცია მოახდინეს.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.