სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და EMC „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ გაფიცულ მუშებს მხარს უჭერენ

2019-05-22 14:06
Featured image

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC” ეხმიანებიან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი საამქროს მუშების გაფიცვას, რომელიც საბაზისო შრომითი უფლებების რეალიზაციისა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების მიღებისკენ არის მიმართული. ორგანიზაციები მოითხოვენ დამსაქმებლისა და სახელმწიფოსგან, უზრუნველყონ შრომის კანონმდებლობის აღსრულება და დასაქმებულებთა შრომითი უფლებების დაცვა.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები მე-6 დღეა გაფიცულები არიან. ორგანიზაციების წარმომადგენლები გაფიცულ მუშებს გუშინ პირადად შეხვდნენ და წარმოქმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

დასაქმებულების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდაა. გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება მინიმალურია, გაწეულ შრომასთან შეუსაბამო და ბოლო წლებში არსებული ინფლაციის მიუხედავად, დაახლოებით 10 წელია არ გაზრდილა.

დასაქმებულების ახსნა-განმარტებით, სამუშაო ადგილზე არ არის დაცული მშრომელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი პირობები. სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეულ მკურნალობის ხარჯებს დამსაქმებელი სრულად არ ანაზღაურებს.  დასაქმებულებისთვის პრობლემურია ადეკვატური სამედიცინო დაზღვევის არარსებობაც. ისინი სამედიცინო დაზღვევის მხოლოდ საბაზისო პაკეტით სარგებლობენ, რაც ფორმალურია და მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს დასაქმებული მუშების საჭიროებებს. ამასთან, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, დამსაქმებელი სახიფათო მოწყობილობებს არ ანაცვლებს უსაფრთხო ან ნაკლები საფრთხის შემცველი მოწყობილობებით.

პრობლემურია მუშების საკვები, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ საკვებთან შედარებით გაცილებით დაბალი ხარისხისაა.

დასაქმებულები ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით და საავადმყოფო ფურცლით (ბიულეტენით), დღის განმავლობაში, სრულად ვერ იყენებენ შესვენების დროს. ამასთან, მათი განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში მათ მიერ სამუშაოს შესრულებას დამსაქმებელი არ მიიჩნევს ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურება  არ ხდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით და არც დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

მშრომელების განცხადებით, დამსაქმებელი დასაქმებულებთან აფორმებს მხოლოდ მოკლევადიან კონტრაქტებს, რომელსაც აგრძელებს ყოველთვიურად. როგორც გაფიცულები განმარტავენ, მოკლევადიან კონტრაქტებს დამსაქმებელი მათზე ზეწოლის საშუალებად იყენებს.

დასაქმებულები გაზრდილ სამუშაოს მოცულობასა და დასაქმებულთა სიმცირეზეც უთითებდნენ.   ისინი განმარტავენ, რომ კომპანია სამუშაო ძალის შემცირების შემდგომ სამუშაოს არსებულ თანამშრომლებზე ანაწილებს და ამით კომპანიისათვის სახელფასო ხარჯს ამცირებს, რაც დასაქმებულთა სამუშაოს მოცულობის არაგონივრული ზრდის ხარჯზე ხდება.  

დასაქმებულები საუბრობენ, რომ არასაკმარისი კადრების გამო იზრდება მათი დატვირთვა და ხშირად უწევთ ზედიზედ ღამის ცვლებში მუშაობა. მათი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზედიზედ 8 ღამის განმავლობაში უმუშავია, რაც უარყოფითად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მშრომელებს ასევე ხშირად უწევთ ისეთი დამატებითი სამუშაოს შესრულება, რომელიც მათ პირდაპირ სახელშეკრულებო ვალდებულებას არ წარმოადგენს.

მშრომელები ხაზს უსვამენ არსებული შრომის პირობების შედეგად გამოწვეულ მათ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომაროებასაც.

სამწუხაროდ, კანონმდებლობით მინიჭებული შრომითი უფლებების დასაცავად, ბოლო პერიოდში, საქართველოში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირებისთვის ერთადერთი შესაძლებლობა გაფიცვაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით კრიტიკულია საშიში პირობების შემცველ სამუშაოზე დასაქმებულ პირთა მდგომარეობა, რომლებსაც, პირველ რიგში, ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად უწევთ.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულ მუშათა სპონტანური მობილიზება და გაფიცვის დაწყება წარმოაჩენს დამსაქმებლის მხრიდან შრომის უფლების სისტემური და უხეში დარღვევის პრობლემას. თავის მხრივ, ქვეყანაში სხვადასხვა სამუშაო ადგილზე მიმდინარე საგაფიცვო პროცესები შრომის უფლების დაცვისათვის ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების მექანიზმების არაეფექტურ ფუნქციონირებაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია და EMC მოუწოდებენ „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ ხელმძღვანელობას, პატივის სცეს დასაქმებულთა შრომით უფლებებს, ხოლო კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, შრომის ინსპექციის დეპარტამენტს, უზრუნველყონ შრომის კანონმდებლობის აღსრულება.