სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქართული მართლმსაჯულების რეფორმა - გაშვებული შესაძლებლობა

2021-12-16 02:16
Featured image

2021 წლის 27 ივნისს 310-მა მოსამართლემ ხელი მოაწერა და გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი „სასამართლოს წინააღმდეგ ხელოვნური იარლიყების გამოგონებისა“ და „მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის“ გამო წუხან.[1] ამ ფრაზებში გულისხმობენ ორ ბრალდებას, რომლებსაც მათ სამოქალაქო საზოგადოება უყენებს: ერთი კლანურ მმართველობას შეეხება, მეორე კი სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობას (რეალურად, ეს პრობლემები ურთიერთგადაჯაჭვულია). ეს ორი რამ ყველაზე კარგად მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ჩანს, როდესაც თანამდებობაზე მხოლოდ ის პირები ხვდებიან, რომლებსაც ხელისუფლებისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა აქვთ, მაშინაც კი, თუ ამის ფასი სახელმწიფოს რეპუტაციული და ფინანსური ზიანია.

ამ ტექსტში ჩემი მიზანია, მკითხველის ყურადღება საერთაშორისო მოთამაშეების დამოკიდებულებისკენ მივაპყრო. ვინაიდან საკითხი ძალიან ვრცელია, თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს განვიხილავ: უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნებს2019 და 2021 წლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე არჩევას 2021 წლის ოქტომბერში. მინდა, ვაჩვენო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით კრიტიკა არა მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ძალიან მწვავეა. თუმცა, კლანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან ისმის უარყოფითი შეფასება - მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისთვის იგი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია.

დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის გამოწვევად არის დასახელებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასების ყველა ანგარიშში.[2] თუმცა, თუ 2012 წელს მთავარ პრობლემად სასამართლოზე გარე გავლენები სახელდებოდა („მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, მასზე გარე გავლენა კვლავ პრობლემად დარჩა“),[3]  ბოლო ანგარიშში, აქცენტი უფრო მეტად შიდა გამოწვევებზე კეთდება („არსებობდა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაშიჩარევის ნიშნები. მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან სასამართლო სისტემის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“).[4] კლანური მმართველობა, როგორც სისტემის მთავარი პრობლემა, უკვე მარტივად იდენტიფიცირებადია.

ტერმინ „კლანის“ გამოყენებას არ გაურბიან ევროკავშირში. ევროპარლამენტარ ვიოლა ფონკრამონის მოსაზრებით, „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.[5]ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ცხადად გამოიკვეთა UPR-ის სესიაზეც, სადაც არაორაზროვნად არის საუბარი კლანურ მმართველობაზე. რეკომენდაციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია „კლანის სახელით ცნობილი გავლენიანი ჯგუფის მიერ არაფორმალური მმართველობის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაციის და მოსამართლეთა დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის გზით. საქართველომ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებით.“[6]

ცხადია ეს შეფასებები კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. სხვა საკითხებთან ერთად საერთაშორისო კრიტიკა მნიშვნელოვნად განაპირობა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების პროცედურებმა, რომლებსაც ისინი თვალს ადევნებდნენ.[7]

2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას, შეფასებების მიხედვით, რამდენიმე არსებითი პრობლემა გამოიკვეთა: გამჭვირვალობის ნაკლებობა, მოსამართლეთა დანიშვნა დასაბუთების გარეშე, განწესებული მოსამართლეების კვალიფიკაცია, მათი კეთილსინდისიერება და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. ეს საკითხები საერთაშორისო აქტორებმა თავიანთ განცხადებებში მკაფიოდ დააფიქსირეს.

ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შერჩევის დროს არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და პროცესს არაერთიმნიშვნელოვანი ხარვეზი, მათ შორის, გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა.[8] საბჭოშიკანდიდატთა შერჩევის პროცესს „არასაკმარისად გამჭვირვალე“ უწოდა აშშ-ის საელჩომაც.[9]ნომინირებული პირების ნაწილთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ისინი „არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს“.[10] იმავე პრობლემაზე ისაუბრა თავის განცხადებაში ევროსაბჭომაც და აღნიშნა, რომ პარლამენტმა მოსამართლეები „სათანადო დასაბუთების გარეშე“დანიშნა, „მათ შორის, ის პირები, რომლებმაც შერჩევის პროცესში ვერ გამოავლინეს შესაფერისი იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობისთვის.“[11]განცხადების მიხედვით, საჭიროა სწრაფი ზომების მიღება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.[12]

საკითხი შეჯამებულია OSHE/ODIHR-ის ანგარიშებში. ეს ორგანიზაცია მოვლენებს უშუალოდ აკვირდებოდა. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საბჭოს და პარლამენტს მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა ობიექტურობის, სამართლიანობის, თანმიმდევრულობისა და წესრიგის მისაღწევად, ასევე ინსტიტუციისა და პროცესისადმი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად.[13]

სამწუხაროდ, ამ კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და 2021 წლის ივლისის დანიშვნები კვლავ აღშფოთების საგნად იქცა. პროცესი შეფასდა, როგორც არაობიექტური, ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველი და ა.შ. დანიშვნებს წინ უძღოდა მხარეებს შორის 19 აპრილს დადებული შეთანხმება, რომელიც ხელმომწერებს აკისრებდა ვალდებულებას, უზენაეს სასამართლოში „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ „სასამართლოს ამბიციური რეფორმის“დასრულებამდე შეეჩერებინათ.[14] თუმცა, მმართველმა პარტიამ ეს არ გაითვალისწინა. 6 ივლისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენები დაიწყო,[15] 12 ივლისს კი 6 მოსამართლე თანამდებობაზე დაინიშნა.[16]

ევროკავშირმა ამ ქმედებას საქართველოს ხელისუფლების დაკარგული შესაძლებლობა უწოდა, შესაძლებლობა, რომ მას დაემტკიცებინა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის იდეის ერთგულება.[17] იმავდროულად, მათი აზრით, ეს მოვლენები „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.“[18]აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით (რასაც წინ უსწრებდა მოწოდებები, არ დაენიშნათ მოსამართლეები),[19] პარლამენტის გადაწყვეტილება უაღრესად გულდასაწყვეტია.[20] დანიშვნებიუარყოფითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენმაც.[21]

შეჯამებისთვის ისევ OSCE/ODHIR-ის ანგარიშს უნდა მივმართოთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები ისეთ გარემოში დასახელდნენ, სადაც დაბალია საზოგადოებისნდობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართ.[22] ოდირის ექსპერტების მოსაზრებით, კითხვის ნიშნები ჩნდება პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.[23] დოკუმენტში გაკრიტიკებულია ე.წ. მიშელის შეთანხმების დარღვევის ფაქტიც.[24] საბოლოო ანგარიშის მიხედვით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლე უვადო თანამდებობაზე დაინიშნა, რა დროსაც პროცესს აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა.[25]

ბოლო პერიოდში ყურადღება საბჭოს წევრების დანიშვნამ მიიპყრო. 31 ოქტომბერს[26]მოსამართლეთა XXX კონფერენცია ჩატარდა.[27] საბჭოს წევრებმა თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ ადმინისტრაციულ კომიტეტს პირადი განცხადებით მიმართეს და საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოითხოვეს. პირველს ვადა 2022 წლის მარტში, ხოლო მეორეს 2024 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. მათ ნაცვლად თანამდებობებზე გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე დაინიშნნენ.[28]

მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება კვლავ უარყოფითად შეაფასეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ. ამ უკანასკნელის განცხადებით, პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც ღია.[29] ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: „დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. “ევროკავშირის შეფასებით, „დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.“[30]

კრიტიკის საპასუხოდ, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა პროცესს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება უწოდა (მოსამართლეთა ნაწილიამ განცხადებას გაემიჯნა, რაც, ცალსახად, დადებით შეფასებას იმსახურებს[31]), დიპლომატებს კი განუმარტა, რომ მათი განცხადებები შეურაცხმყოფელია და ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე მიუთითა.[32] კლანის წარმომადგენლები 2021 წლის ივლისში საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს საკითხის არასათანადოდ ცოდნასა და ცალმხრივ ინფორმაციას უკავშირებდნენ,[33] ხოლო 2021 წლის ნოემბერში ისინი უფრო შორს მიდიან და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

უზენაესი სასამართლოს შევსება არც ამის შემდეგ შეჩერებულა. 2021 წლის 25-26 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულმა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 4 კანდიდატს [34] მოუსმინა.[35] 1-ელ დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტმა, კომიტეტის რეკომენდაციით, ისინი თანამდებობაზე განაწესა.[36] არც ეს პროცესი დარჩა კრიტიკის მიღმა. ევროკავშირმა კვლავ შეახსენა ჩვენს მთავრობას, რომ „დახმარება ევროკავშირის მხრიდანსაკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლო რეფორმის ჩათვლით.“[37] აშშ-ის ელჩის განცხადებით კი, გაუგებარია, რატომ არის საჭირო სიჩქარე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა არსებობს თანხმობა მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის გატარებაზე.[38] მან პროცესს არაგამჭვირვალე და არაანგარიშვალდებული უწოდა.[39]

ამ მცირე მიმოხილვაშიც კი ძალიან ნათლად ჩანს, რამდენად მწვავეა შეფასებები. ამ ვითარებაში,როცა სასამართლო სისტემაში კლანს ძალაუფლება მონოპოლიზებული აქვს, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სფეროს ძირეული გარდაქმნა, სისტემური, თუნდაც მტკივნეული რეფორმა და არა - ის ფრაგმენტული კვაზი ცვლილებები, რომლებსაც, ბოლო წლებია, თვალს ვადევნებთ. სხვა შემთხვევაში დამსახურებული კრიტიკა კიდევ უფრო მწვავე იქნება, შედეგები კი - შეუქცევადი.

 

 

თამარ ხუხია საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი

 

 


[1] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი, 2021 წლის 28 ივნისი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zNKXPz.

[2] ბლოგის მიზნებისთვის შესწავლილია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები 2012- 2020 წლებში.

[3] 2012 Country Reports on Human Rights Practices – Georgia, UNHCR-ის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/9TPH85Y,განახლებულია: 21.11.2021.

[4] 2020 Country Reports on Human Rights Practices: Georgia, U.S Embassy Georgia, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5TPJqhp,განახლებულია: 21.11.2021.

[5] „ვიოლა ფონ კრამონი - შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო, „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“, „პირველი არხის“ ვებგვერდი, 2021 წლის 17 ივნისი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/YTPGqdt, განახლებულია: 21.11.2021.

[6]  UN Web TV The United Nations Live & On Demand, Georgia Review - 37th Session of Universal Periodic Review, UN Web TV-ის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dySFDd, განახლებულია: 09.09.2021.

[7] 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 12, ხოლო 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით 6 მოსამართლე განწესდა.

[8] „ევროკავშირი: ზოგიერთი დანიშნული მოსამართლე „არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით“, Civil.ge- ვებგვერდი, 2019 წლის 13 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/BTPJtjB, განახლებულია: 21.11.2021.

[9] აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს ნომინაციებზე (12 დეკემბერი), ამერიკის საელჩოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/OTPJi8x, განახლებულია: 05.08.2021.

[10] იქვე.

[11] Monitors regret appointment of 14 judges by Georgian parliament, PACE-ს ვებგვერდი, 2019 წლის 13 დეკემბერი,ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/sTPJgeC, განახლებულია: 01.09.2021.

[12] იქვე.

[13] საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეორე ანგარიში, OSCE,დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, ივნისი-დეკემბერი, 2019, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/yTPJTWn, განახლებულია: 21.11.2021.

[14] President of the European Council Charles Michel publishes new proposal made today to Georgian political parties, EU-ს ვებგვერდი, 2021 წლის 18 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/8TPJOAq, განახლებულია: 21.11.2021.

[15] დღის წესრიგი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, 2021 წლის 6 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/cTPJVS4, განახლებულია: 21.11.2021.

[16] „პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა“, „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდი, 2021 წლის 12 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/pTPJMCP, განახლებულია: 21.11.2021.

[17] მოსამართლეების დანიშვნა და ევროკომისიის განცხადება, „პირველი არხის“ ვებგვერდი, 2021 წლის 14 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/TTPKyWA, განახლებულია: 21.11.2021.

[18] იქვე.

[19] „აშშ-ის ელჩი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას" - 19 აპრილის შეთანხმების პირობები დაიცვას“, „ამერიკის ხმის“ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/CTPKpaO, განახლებულია: 01.09.2021.

[20] განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, აშშ-ის საელჩოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ATPLdEJ, განახლებულია: 21.11.2021.

[21] „ენტონი ბლინკენი - აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო - ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებისთვის“, IPN-ის ვებგვერდი, 2021 წლის 16 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2UQYlmo, განახლებულია: 16.07.2021.

[22] საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მესამე ანგარიში, OSCE,დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5TPLlGc, განახლებულია: 21.11.2021.

[23] იქვე.

[24] იქვე.

[25] იქვე.

[26] საიას შეფასებით, მანიპულაციური პოლიტიკის გაგრძელებაა კონფერენციის დანიშვნა 31 ოქტომბერს, არჩევნების დღიდან ახლო პერიოდში, როცა საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად სხვა საკითხებზეა მიპყრობილი. ვრცლად იხ: „საია მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ვადაზე ადრე ორი ახალი წევრის დანიშვნას კლანური მმართველობის მორიგ მანიპულაციად მიიჩნევს“, საიას ვებგვერდი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერი, ხელმისაწვდომია:https://tinyurl.com/w2wzxn3z, განახლებულია: 17.11.2021.

[27] მოსამართლეთა XXX კონფერენცია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი, 2021 წლის 31 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/yRB4178, განახლებულია: 01.11.2021.

[28] განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, აშშ-ის საელჩოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/DTWKRHz, განახლებულია: 17.11.2021.

[29] იქვე.

[30] ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდი, 2021 წლის 2 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/JTWkE4x, განახლებულია: 17.11.2021.

[31] „კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება“, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ვებგვერდი, 2021 წლის 10 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ITSSLjb, განახლებულია: 18.11.2021.

[32] „მოსამართლეები - ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც „გაუგებარი“ და არც „უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ის არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება“, საინფორმაციო პორტალი IPN, 2021 წლის 4 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/7nch8ubu, განახლებულია: 17.11.2021.

[33] ლაშა ქოჩიაშვილის საკომიტეტო მოსმენა, „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფეისბუქ-გვერდი, 2021 წლის 9 ივლისი,ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/CTSS7ye, განახლებულია: 21.11.2021.

[34] გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარიშვილი.

[35] იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, დღის წესრიგი - 2021 წლის 25 ნოემბერი, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5T7HPdh, განახლებულია: 30.11.2021; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, დღის წესრიგი - 2021 წლის 26 ნოემბერი, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/eT7H4eP, განახლებულია: 30.11.2021.

[36] „პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია, პარლამენტის ვებგვერდი, 2021 წლის 1-ლი დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/OYq559K, განახლებულია: 01.12.2021.

[37] „EU მოსამართლეებზე: საქართველოსთვის EU-ს დახმარება რეფორმების წინსვლაზეა დამოკიდებული“, 2021 წლის 2 დეკემბერი, საინფორმაციო პორტალ „ტაბულას“ ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1YgHh6J, განახლებულია: 05.12.2021.

[38] „დეგნანი: ახლა კიდევ 4 მოსამართლეა არაგამჭვირვალე პროცესით უვადოდ დანიშნული“, 2021 წლის 2 დეკემბერი, საინფორმაციო პორტალ „ტაბულას“ ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HYgHMDZ, განახლებულია: 05.12.2021.

[39] იქვე.