უსაფუძვლო ხმაური „მე და საზოგადოების“ გარშემო

2014 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა „ახალგაზრდების ეროვნული კვლევა“, რომლის შედეგები საგანგაშო და შემაშფოთებელია. კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდების 69,2% არ იცნობს საკუთარ უფლება-მოვალეობებს; ახალგაზრდების მხოლოდ 10,9% არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ახალგაზრდების 43,3% შშმ პირებთან დაკავშირებულ სტიგმას სოციალურ ნორმად აღიქვამს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერება კრიტიკულად დაბალია, რაც აისახება კიდეც მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე. აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა განათლებაა, უფრო კონკრეტულად კი სასკოლო განათლება, რადგან პასუხისმგებლიანი, აქტიური  მოქალაქეების აღზრდა სკოლის მერხიდან იწყება. სკოლას განათლების სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სადაც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ საჭირო ცოდნა, კომპეტენცია, უნარები და ღირებულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პოლიტიკა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, რომლის მთავარ მიზანსაც პიროვნების განვითარება და შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა წარმოადგენს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს იმ მიღწევების ( უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ზოგადი განათლების ყოველი საფეხურის დამთავრებისას. მოსწავლის მოქალაქედ გარდაქმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამოქალაქო განათლებას, როგორც სასწავლო დისციპლინას. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია განათლების სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც სამოქალაქო განათლებას ზოგადი განათლების მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილავს. სამინისტრომ დიდი დრო და ენერგია დაახარჯა ახალი სტანდარტის „მე და საზოგადოების“ მომზადებას, რომლის გარშემოც ვნებათაღელვა ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო, მაგრამ გასულ კვირას კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი საჯაროდ დაუპირისპირდა ახალ სტანდარტს და პეტიციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რომ არ დაუშვან „მე და საზოგადოების“ დანერგვა სკოლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა შეემუშავებინა სამოქალაქო განათლების სწავლების პოლიტიკა. ბოლო პერიოდში, ამ პასუხისმგებლობას გრძნობდა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, სხვადასხვა პროექტებითა თუ პუბლიკაციებით ხელს უწყობდა სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებს წარმატებაც აქვს, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს ამ წარმატების მდგრადობა და თავადაც  გახდეს მონაწილე. ახლა როცა, სტანდარტი შემუშავებულია, როცა სახელმწიფომ გარკვეული პოლიტიკა წარმოადგინა თუ როგორ გააძლიეროს დაწყებით კლასებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს ამ სტანდარტის არასწორ ინტერპრეტაციასა და დისკრედიტაციას.

ემოციების გარეშე, საქმიანად რომ განვიხილოთ, „მე და საზოგადოება“ არის საგანი, რომლის ფარგლებშიც ინტეგრირებულია ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საკითხები, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს დამოკიდებულებები ქვეყნის, ოჯახის, თემისა და მეგობრების მიმართ, განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა, უნარები, ღირებულებები, თავისუფალი აზროვნება. საგნის სწავლება გათვალისწინებულია დაწყებით ეტაპზე, კერძოდ მესამე-მეოთხე კლასიდან, რასაკვირველია ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ცოდნისა და თავისებურებების გათვალისწინებით. თუ ყურადღებით გაეცნობით სტანდარტს, მიხვდებით, რომ მასში საგანგაშო არაფერია და პირიქით, ორიენტირებულია მოსწავლის ფუნქციურ ცოდნაზე.

მართალია სტანდარტი არსებობს, მაგრამ სახელმძღვანელო, რის მიხედვითაც მოხდება საგნის სწავლება ჯერ არ შემუშავებულა. ასევე გასათვალისწინებელია პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი მზაობა ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით. ზოგადად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების დეფიციტი კომპლექსური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო გამოიცა, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესებში  პედაგოგები ნაკლებად არიან ჩართულნი. ლიტერატურა რომელიც „მე და საზოგადოების“ სწავლებისთვის უნდა მომზადდეს, ორიენტირებული უნდა იყოს ინტერაქტიულ და ფუნქციურ სწავლებაზე, რომ მოსწავლეებს   შესაძლებლობა ჰქონდეთ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საკითხებზე უნდა მოხდეს პირველ რიგში პროფესიული საზოგადოების მობილიზება და ჩართულობა, ჩასაფრებული პოზიციიდან თანამშრომლობაზე გადასვლა და საქმის კეთება.

რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია და იწვევს კრიტიკას, მაგრამ დისკრედიტაცია და ხელოვნური ბარიერების შექმნა დააზარალებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესს. 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge