საია 6 მაისს დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს


ადამიანის უფლებათა დაცვა და ეფექტიანი უზუნველყოფა დაარსების დღიდან წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. სახელმწიფოს მხრიდან შელახული უფლებების აღდგენაში რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა კვალავაც რჩება საიას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 7 მაისს გავრცელებულ განცხადებაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და განმარტა, რომ პოლიციამ 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა საშუალებები, რომლის გამოყენების უფლებაც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძელზე არ ჰქონდა 

(იხ. განცხადება http://www.gyla.ge/?display=news&view=750).

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი დემონსტრანტები სწორედ კანონით გაუთვალისწინებელი საშუალებების გამოყენების შედეგად დაზარალდნენ. კერძოდ, დემონსტრაციაში მონაწილე ერთმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, ხოლო რამდენიმე ათეულმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მიუხედავად საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესისა, დღემდე უცნობია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება პოლიციის მხრიდან კანონით გაუთვალისწინებელი საშუალებების გამოყენების ფაქტზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, „სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვის.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც 6 მაისს დაზარალდა, სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში წარმომადგენლობას სხეულის დაზიანების შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge