,,ორშაბათიდან მოგხედავთ“

რამდენიმე დღის წინ ,,პარტიზანი მებაღეების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ვიყავი, რომელიც  თბილისის მერიის შენობასთან გაიმართა. აქციის მონაწილეები მერიისაგან მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რა ბედი ეწევა ,,ვაკის პარკში“ დაგეგმილ მშენებლობას - აშენდება სასტუმრო, თუ მერია შეასრულებს დანაპირებს და კერძო მესაკუთრისათვის მიყიდულ მიწის ნაკვეთს ,,ვაკის პარკს“ დაუბრუნებს. 

აქციის მონაწილეები ცდილობენ გაარკვიონ მოხერხდება თუ არა შენობაში ვინმე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა, დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შეხვედრა ვერ შედგება, მერი თბილისში არ  არის,  სხვა თანამშრომლები თანამშრომლის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებიან. დაცვის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ ხელმძღვანელი, მობილურით რეკავს და საუბრის დასრულებისას, აქციის მონაწილეებს გადასცემს ვიცე-მერის სიტყვებს - ,,ორშაბათიდან მოგხედავთ“.  

აქციის მონაწილეებს გაურკვეველი პასუხი არ მოსწონთ, მოაქვთ კარავი. ამის შემდეგ, მათ ,,ვაკის პარკთან“ ერთად მერიის წინ არსებული ტროტუარის და ე.წ. ,,სკვერისათვის“ ბრძოლა მოუწევთ.  კარვის გამოჩენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ააქტიურებს, წინ მოიწევენ, აცხადებენ, რომ ტროტუარზე კარვის დადგმა მოძრაობას შეაფერხებს. კარავი ტროტუარიდან მერიის შენობის წინ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, ე.წ. სკვერში გადადის. ეს უკვე ტროტუარი აღარ არის, მოძრაობის შეფერხება არგუმენტად აღარ გამოდგება. პოლიცია და მერიის დაცვის სამსახური უკან არ იხევს, ახალი ,,არგუმენტებით“ შეიარაღდნენ: ,,მერიასთან 20 მეტრის რადიუსში კარვის დადგმა ეწინააღმდეგებოდა კანონს“, ,,ეს ტერიტორია მერიის საკუთრებაა“. კარავი არ იშლება.

პოლიციისათვის კარავი ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ნივთია. გაშლილი კარავი პოლიციას არ მოსწონს.  კარავი შენობის იერსახეს ამახინჯებს, ზოგჯერ კი კარავი ჩვენი ჯანმრთელობისათვის საშიშია. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ  ქ. გორში მიმდინარე აქციაში ჩარევა და კარვის დაშლა პოლიციამ სწორედ აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით გაამართლა.

გარდა იმისა, რომ პოლიციელთა მოქმედება შეკრების უფლებაში ჩარევაა და წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან (,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-9 მუხლი), მერიასთან განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ააშკარავებს სახელმწიფოს განზრახვას გადაანაწილოს საჯარო სივრცე ისე, როგორც მას სურს, ის გვეტყვის სად ჩავატაროთ აქცია, პარკის ნაწილს ,,მიწის ნაკვეთად“ გაყიდის, ,,კანონის სახელით“ კარავს არ დაგვადგმევინებს, ზოგჯერ კი ჩვენივე ჯანმრთელობის დასაცავად დაგვშლის. სახელმწიფო ჩვენივე თავისგან დაგვიცავს, ორშაბათიდან მოგვხედავს. 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge