„ლამპარი“ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაერთიანება ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისთვის

ასოციაცია „ლამპარი““ 2008 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლების ჯგუფის მიერ დაარსდა, რომლებმაც მიზნად დაისახეს სოციალური ცვლილებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა. „ლამპარი““ კახეთის რეგიონში ხელს უწყობს ინკლუზიურობას, სოციალურ სამართლიანობასა და გენდერულ თანასწორობას. 

ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, არაფორმალური განათლების გზით, ცნობიერების ამაღლებაა. 2010 წლიდან „ლამპარი“ მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან არაფორმალური საგანმანათლებლო ტრენინგების განსახორციელებლად, რომლებიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ განათლებაზე. წლების განმავლობაში ამ ტრენინგებით გადამზადდა 397 ადამიანი, რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად მუშაობს სპეციალურ მასწავლებლად ადგილობრივ სკოლებში, რითაც ხელს უწყობს უფრო ინკლუზიურ სასწავლო გარემოს. 

„ლამპარი“ აქტიურად იკვლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების საჭიროებებს. 2018 წელს ორგანიზაციამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა ახალი საკონსულტაციო საბჭოს დებულების ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა და მათი ოჯახების წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ ადვოკატირებამ ხელი შეუწყო საზოგადოების მრავალფეროვან საჭიროებებზე მორგებული აუცილებელი სერვისების შექმნას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრაქტიკული საჭიროებების შესწავლის მიზნით, ლამპარმა ჩაატარა კვლევა 2019 და 2021 წლებში, რათა დაედგინა ის სფეროები, რომლებიც საჭიროებენ ინტერვენციას. ამ კვლევამ გამოკვეთა ისეთი ინიციატივების წახალისების აუცილებლობა, როგორებიცაა დასაქმების პროგრამები. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვიდი პირი დასაქმდა.

ორგანიზაციამ გაეროს სააგენტოების ერთობლივი პროექტის „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“  ფარგლებში ჩაატარა სხვადასხვა თემატიკის არაერთი ვორქშოპი და ტრენინგი, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და უკრაინელი ლტოლვილი ქალები.

ასოციაცია „ლამპარი“ ერთგული რჩება სოციალური სამართლიანობის, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობის მისიის მიმართ. სტრატეგიული აქცენტით არაფორმალურ განათლებაზე, უფლებების დაცვაზე, ახალგაზრდობის განვითარებაზე, მედიის ჩართულობაზე, ადვოკატირებასა და საზოგადოების ინფორმირებულობაზე, „ლამპარი“ აგრძელებს შშმ პირების გაძლიერებას.

ავტორი: ნელი მაისურაძე


ბლოგი მომზადდა ნელი მაისურაძის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.  

ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge