კოალიციის შეფასებით კახა ბექაური კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გასცდა

საჯაროდ გავრცელდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისადმი მიწერილი წერილი. 2019 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე, კახა ბეექაური აწერს, შეფასებულია ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. ამ წერილის თანახმად, მასალა შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას. 

სატელეკომუნიკაციო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მიერ ფილმის შინაარსის ამგვარი ანალიზი, კოალიციის ,,მედიის ადვოკატირებისთვის” შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას და არის მედიის შინაარსში შეჭრა. აღნიშნული წერილი შეიცავს მნიშნელოვან რისკებს და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. 

მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა აჭარბებდეს საკუთარ უფლებამოსილებას და უნდა მოქმედებდეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მანდატის ფარგლებში. 

ჩვენი განცხადება  ორ მნიშვნელოვან სამართლებრივ არგუმენტს ეყრდნობა:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება შეაფასოს  მედია პროდუქტის შინაარსი.

კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. მედიასაშუალების მიერ არაზუსტი ფაქტის გავრცლება შესაძლებელია განხილული იყოს ერთის მხრივ მაუწყებელში არსებული თვითრეგულირების ფარგლებში და მეორეს მხრივ, შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. დაუშველებელია მედიაპროდუქტის განხილვა, შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს კანონდებლობა არ უკრძალავს კომისიას განმარტება გააკეთოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერებზე, მაგრამ არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს მედიაპროდუქტის შინაარსი და მტკიცებითი ფორმით დაადგინოს ინფორმაციის სიზუსტე, ამის საწინააღმდეგოდ კახა ბექაურის წერილიდან ირკვევა, რომ სწორედ ასე შეფასდა “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი. 

დოკუმენტი (წერილი) არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და გაურკვეველია რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე არის მომზადებული:

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.“

აღსანიშნავია, რომ ამ წერილს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს კანონმდებლობით ,,კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.“ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი  არ ეხება კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებს, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებად.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე,“ თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია. ამიტომ ზემოაღნიშნული წერილი ვერ იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება გაწერილია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და არ მოიცავს კომისიის სახელით ფაქტის დადგენის უფლებას.

შესაბამისად, თუ წერილი არ არის  სამართლებრივი აქტი და ეხება ისეთ საკითხს, რომლის შესწავლის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია, გაურკვეველია რა ფორმით, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე დაადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ მცდარი ინფორმაციის არსებობა სიუჟეტში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომისიის მიერ გავრცელებული წერილის/განცხადების მიღების პროცედურა გაუგებარი და გაუმჭვირვალეა. მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა სცილდებოდეს საკუთარ მანდატს, მიღებული დოკუმენტები კი სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით გაწერილ ნორმატიულ აქტებს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი პროცედურების დაცვით.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge