სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პოლიციელების მიერ ზვიად მთავრიშვილის ცემისა და შემდგომ გარდაცვალების საქმე ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა

2022-09-22 11:00
Featured image

2022 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზვიად მთავრიშვილის არასათანადო მოპყრობისა და მისი გარდაცვალების საქმის  არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, მთავრიშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

საქმე შეეხება, 2019 წლის 15 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა, და აღნიშნულის შედეგად, გარდაცვალებას. ასევე, ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს ხელისუფლებას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია შემდეგ საკითხებზე:

- დაირღვა თუ არა ზვიად მთავრიშვილის უფლებები, რომლებიც გარანტირებულია კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით? კერძოდ, განხორციელდა თუ არა მასზე არასათანადო მოპყრობა მისი დაკავებისას? სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი  არასათანადო მოპყრობის შედეგია თუ არა ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება? 

- სახელმწიფოს მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დაარღვია თუ არა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით მოთხოვნილ პროცედურულ სტანდარტი?

საჩივარში აღწერილი ფაქტების თანახმად, სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმოების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2022 წლის 12 დეკემბრამდე მიეცათ 12 კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

საია განაგრძობს მიმდინარე საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას.