სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პარტიების დაფინანსების ზოგიერთი რეგულაცია დახვეწას საჭიროებს

2017-05-25 11:23
Featured image

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. პრობლემური საკითხები ძირითადად უკავშირდება პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, ბუნდოვანი და გაუმართავია სახელმწიფო დაფინანსების გამოსათვლელი ფორმულის ზოგიერთი კომპონენტი, ასევე, არსებული რეგულაციები ქმნის არასწორ სტიმულებს ისეთი საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რომელთა ძირითადი მიზანი დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების და სხვა დაუმსახურებელი პრივილეგიების მოპოვებაა.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ ეს პრობლემა დასახელდა საარჩევნო ბლოკების გაუქმების  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს. აქედან გამომდინარე,   მუშაობა დავიწყეთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. რეკომენდაციებზე მუშაობისას  მიზნად არ დაგვისახავს პარტიების დაფინანსების  ძირეული ცვლილება, არამედ მთავარი აქცენტი გავაკეთეთ არსებულ ბუნდოვანებათა აღმოფხვრასა და ყველაზე მწვავე  პრობლემების გადაჭრაზე. ვფიქრობთ, რომ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში საარჩევნო ბლოკების გაუქმების მიზეზი აღარ იარსებებს . 

  1. საარჩევნო ბლოკებისთვის განკუთვნილი ფინანსური და სხვა სახის სარგებელი

საარჩევნო ბლოკების არსებობას ერთი ლეგიტიმური მიზანი გააჩნია, კერძოდ, მცირე რეიტინგის პარტიებს დაეხმაროს ძალისხმევის გაერთიანებასა და საარჩევნო ბარიერის გადალახვაში. ჩვენი აზრით, საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები ამ ლეგიტიმურ მიზანთან ერთად პოლიტიკურ პარტიებს უჩენს გაუმართლებელ სტიმულებსაც, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოსგან დამატებითი სარგებლის მიღებასთან. ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ვხედავთ, რომ იქმნება „ხელოვნური” საარჩვენო ბლოკები, რომელთა მეშვეობითაც ბლოკში შემავალი პარტიები, არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიებთან შედარებით, დაუმსახურებლად იღებენ ისეთ დამატებით სარგებელს, როგორიცაა, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად გათვალისწინებული ფორმულის კომპონენტების მანიპულირებით დამატებითი დაფინანსების მოპოვება, უფრო მეტი უფასო სარეკლამო დროის მიღება, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლებისთვის  მეტი დაფინანსების მიღება, საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნა და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ  საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები იღებდნენ ერთნაირ სარგებელს.

რეკომენდაციები

- ყველა სახის საბიუჯეტო, პირდაპირ და არაპირდაპირ დაფინანსების ობიექტი ტექნიკურად უნდა გახდეს საარჩევნო სუბიექტი, ანუ ერთი საარჩევნო სუბიექტი, მიუხედავად იმისა ერთი პარტია იქნება, თუ საარჩევნო ბლოკი, მიიღებს დაფინანსების ერთ თანაბარ პორციას. არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიისთვის შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, ხოლო საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში ცესკოში დარეგისტრირებისას ისინი წესდებაში მიუთითებენ ბლოკის წევრ პოლიტიკურ პარტიებს შორის თუ როგორ განაწილდება პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, სსიპ-ის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (ფონდი) დაფინანსება, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დაფინანსება, საარჩევნო ნომერი, საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის უფლება და უფასო სარეკლამო დრო.

- საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მიიღებს ბოლო ადგილობრივი ან/და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. ე.წ. კომპონენტების შერევა დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორივე არჩევნებში სუბიექტმა გადალახა 3%-იანი ბარიერი. აქვე უნდა დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები:

ა) ფორმულის კომპონენტების შერევა საარჩევნო ბლოკს შეეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ორივე არჩევნებში ზუსტად იგივე შემადგენლობით იღებდა მონაწილეობას;

ბ) თუ პარტია ერთ არჩევნებში ბლოკის შემადგენლობაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო მეორეში - დამოუკიდებლად, მაშინ დაფინანსების დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ უკანასკნელი არჩევნების შედეგები.

- საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება წარმოეშვება ბოლო საერთო არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე შვიდ საარჩევნო სუბიექტს. თუ სუბიექტი საარჩევნო ბლოკია, დანიშვნის უფლება წარმოეშვება იმ პარტიას, რომელიც ბლოკის წესდებით იქნება განსაზღვრული.

  1. დაფინანსება ფრაქციის შექმნისთვის

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი დაკავშირებული იყო იმასთან თუ რომელ პარტიას ეკუთვნის პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის დამატებით მისაღები 300 000 ლარი. არასაკმარისი სიცხადის გამო, ცესკომ, ჩვენი აზრით, არსებული რეგულაციების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რის შედეგადაც პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მიიღო 300 000 ლარი, მაშინ როდესაც პარტიამ ვერ გადალახა საჭირო 3%-იანი ზღურბლი, მიიღო ამომრჩეველთა ხმების0.78% და პარლამენტში გაიყვანა მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. გარდა ამისა, ეს ბუნდოვანება რომც არ ყოფილიყო, მიგვაჩნია, რომ თავად ფრაქციის შექმნისთვის პარტიის დაფინანსების პრინციპიც მანკიერია. საპარლამენტო ფრაქციის შექმნა პარტიისთვის დამატებით მიღწევას არ წარმოადგენს, ის ავტომატურად უკავშირდება მის პარლამენტში შესვლას, შესაბამისად, ის არ უნდა იღებდეს ფრაქციის შექმნისთვის დამატებით დაფინანსებას. ეს დაფინანსება  არ უკავშირდება ფრაქციის ხარჯების ანაზღაურებას, რადგან მისი ანაზღაურება პარლამენტის ბიუჯეტიდან ისედაც ხდება.

 

რეკომენდაციები

- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში ფორმულიდან გაუქმდეს H კომპონენტი და ფორმულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1)”;

 

-ამ კომპონენტის გაუქმების სანაცვლოდ, მიგვაჩნია, რომ გაცილებით უფრო სამართლიანი და ლოგიკური იქნება, თუ იმავე მუხლის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საბაზო დაფინანსების გაორმაგება მოხდება 6%-ის ნაცვლად 5%-იანი ზღურბლის მიღწევის შემთხვევაში. ამჟამად დაფინანსების გაორმაგების პირობად 6%-იანი ზღურბლის გადალახვაა საჭირო. ეს რიცხვი, როგორც ჩანს, უბრალოდ მექანიკურად არის აღებული რადგან ის ორჯერ აღემატება საბაზო დაფინანსების მიღების 3%-იან ზღვარს, რაც ლოგიკას მოკლებულია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული 5%-იანი ზღურბლი დაკავშირებულია პარტიის მიერ პარლამენტში მოხვედრასთან და, ამავე დროს, მოახდენს ფორმულიდან „H” კომპონენტის ამოღების გარკვეულ კომპენსირებას.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო (PMMG)

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)