სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა

2019-12-30 16:30
Featured image

საია მიესალმება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და ულოცავს მას და მის ოჯახის წევრებს. ამავდროულად, საია-ს სურს, გამოეხმაუროს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს და მძიმე უფლებრივ მდგომარეობას, რომელშიც ასობით ადამიანს უკვე რამდენიმე თვეა უწევთ ცხოვრება. 

2019 წლის 2 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა. ამ აკრძალვამ, ახალგორში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობისათვის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შექმნა. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცა, რადგან მათ არ აქვთ სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა აუცილებელი სერვისებით სარგებლობის საშუალება. ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ძირითადად კი, წეროვანის დევნილთა დასახლებაში აქვთ საცხოვრებელი სახლები, მცირე მეურნეობა ან/და სამუშაო ადგილები. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი ახალგორის რაიონში, მათი ოჯახის წევრები კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ. ამ ფაქტმა ორივე მხარეს - როგორც ახალგორის რაიონში, ასევე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები პირები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი ნათლად წარმოაჩინა გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შემდეგ, არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმა. კერძოდ, 2019 წლის 28 ოქტომბერს 70 წლის მარგო მარტიაშვილი, ნოემბერში კი 49 წლის ბესიკ ობესოვი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა იყო. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული, ვაჟა გაფრინდაშვილის განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი გადასვლის მიზეზიც პაციენტის მონახულება იყო

2 დეკემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაკეტილ პუნქტთან დაკავშირებით პოზიციები მცირედით შეარბილა და გადაადგილების აკრძალვა მოხსნა დე ფაქტო მთავრობის ე.წ. 119-ე დადგენილებაში შეყვანილი იმ პენსიონერებისათვის, რომლებიც მხოლოდ ქართულ პენსიას იღებენ და ასევე, ახალგორის რაიონში მცხოვრები იმ პირებისთვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეეხო და ადგილობრივების უმრავლესობა კვლავ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშე, სრულ იზოლაციაში დარჩა. 

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, დროული და სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო გარდაცვალების ფაქტი 2 დეკემბრის შემდეგაც დაფიქსირდა, კერძოდ, დეკემბერში 72 წლის შოთა დრიაევი გარდაიცვალა. აღნიშნული პირი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას ჯერ კიდევ სექტემბრიდან ითხოვდნენ. მიუხედავად დრიაევის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა ოკუპაციურმა რეჟიმმა მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ 17 დეკემბერს მისცეს. დრიაევი თბილისში 17 დეკემბერსვე გარდაიცვალა. 

ეს შემთხვევა თავის მხრივ ცხადყოფს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების შერბილებული გადაწყვეტილებით სარგებლობა პრაქტიკაში სირთულეებთან არის დაკავშირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ამ შეღავათებით დროულად და ეფექტიანად სარგებლობის საშუალებას ართმევს. 

27 დეკემბერს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და ახალგორის მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მოსახლეობამ  გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ საბაზისო უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის/აკრძალვის საკითხი დააყენა.  შეხვედრაზე, ე.წ. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა წარმოადგენდა ერთგვარი დასჯის მექანიზმს, კერძოდ, ეს იყო დე-ფაქტო ხელისუფლების პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის საგუშაგოს განთავსებაზე. 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, წინასაახალწლოდ, 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იგეგმება ოკუპირებულ სოფელ ქარზმანში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვა. ისედაც მძიმე სოციალური ფონის პირობებში, აღნიშნულით კიდევ უფრო დამძიმდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა.

სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური კრიზისის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 

- მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად და იქ მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; 

- გააგრძელოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ცხინვალის რეგიონზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოსთან, შექმნილი კრიზისის დროულად დასაძლევად;

- საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშაოს ერთიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა წარმომადგენლების უსაფრთხო გადასვლას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არსებული მძიმე მდგომარეობის ნაწილობრივ მოგვარებას და ასევე, უზრუნველყოფს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ჰუმანიტარული მიზნით გადასულ პირთა დაკავების თავიდან აცილებას;

- აღმოუჩინონ შესაბამისი სოციო-ეკონომიკური დახმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვეღარ ახერხებენ ახალგორის რაიონში გადასვლას ან/და მათი ოჯახის წევრები დარჩნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე; 

საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს:

- გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ღონისძიებები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის დასაძლევად და გაააქტიურონ ძალისხმევა უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად;

- გააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად;

- ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების გადასვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ასევე, იმ პაციენტების გადმოყვანას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვისაც სათანადო სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროება; 

- ხელი შეუწყონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზნებით საჭირო საკვები პროდუქტისა და მედიკამენტების შეტანას.