სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებები პარლამენტში - კითხვები მათ მიერ განხილული კონკრეტული საქმეების თაობაზე

2020-01-17 16:07
Featured image

ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, 2019 წლის შემოდგომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები იყო ღია, შესაბამისად, პროცესს იმაზე დიდი დისკუსია მოჰყვა, ვიდრე ოდესმე. ხშირად მსჯელობდნენ დეპუტატების მიერ დასმული კითხვების მიზანშეწონილობაზე. იყო შემთხვევები, და არც ისე იშვიათად, როდესაც პრეტენდენტებს მათ მიერ წარსულში განხილული და გადაწყვეტილი საქმეების გახსენებას სთხოვდნენ. ამ კითხვებში ავტორთა კრიტიკაც იკითხებოდა. პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ პროცესის ერთ-ერთ მონაწილესაც კი მიმართა: ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის ანგარიშის მოთხოვნას ჰგავსო. საინტერესოა, როგორია სამართლებრივი მოცემულობა, მისაღებია თუ არა, მოსამართლეს განხილულ საქმეებთან დაკავშირებით კითხვები დავუსვათ.

კონსტიტუციის შესაბამისად, „არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე“.  ეს ჩანაწერი სისტემურად უნდა განიმარტოს. უზენაესი კანონი ტერმინს „ანგარიში“, გარდა ზემოთქმულისა, კიდევ ორ შემთხვევაში იყენებს: (1) სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და (2) მთავრობის წევრის მიერ პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით. ანგარიშვალდებულების ეს კლასიკური მაგალითები უკავშირდება მართლმსაჯულების თავში გამოყენებულ იმავე ტერმინს. ანგარიშის მოთხოვნის უფლება ნიშნავს შემხვედრ ვალდებულებას. აუდიტიც და მთავრობის წევრიც ვალდებულნი არიან, ანგარიში წარუდგინონ საკანონმდებლო ორგანოს, ხოლო მოსამართლე - არა. კონსტიტუციის ზემოთ ნახსენები ჩანაწერი ნიშნავს: მოსამართლე არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული. თუმცა, ცხადია, ეს კითხვის დასმას არავის უკრძალავს, მათ შორის განხილულ საქმეებზე, მაგრამ პასუხზე უარის გამო მოსამართლეს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

ერთი საკითხია სამართლებრივი მოცემულობა და მეორე - მიზანშეწონილობა. რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს კითხვის დასმა მაშინ, როცა ამას იურიდიული შედეგი ვერ მოჰყვება? არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ბოლო ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატთან, მის კომპეტენციასა და პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ეს იმით არის განპირობებული, რომ უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების სისტემის ბოლო საფეხურია, ქვეყნის შიგნით სამართლის პოვნის უკანასკნელი საშუალება. პარლამენტი მოსამართლეებს განაწესებს უვადოდ და, თუ არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მაშინ რაზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს კანონმდებელმა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი?

პროცესის მიზანი შეიძლება იყოს კანდიდატის „საქვეყნოდ მოყივნება" და ამით კოლეგებისთვის (პარლამენტარებისთვის) იმის დამტკიცება, რომ კონკრეტული პირი არ იმსახურებს მოსამართლეობას. ამიტომ კანდიდატი მზად უნდა იყოს მწვავე და უფრო მწვავე კითხვებისთვისაც. იმ პირობებში, როცა სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი მართავს, როცა ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ და საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალია, აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები იყოს გამჭვირვალე და თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლეები აკმაყოფილებდნენ იმ თამასას, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს. არ უნდა არსებობდეს ეჭვები მოსამართლის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

 

 

 

თამარ ხუხია საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას