სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში

2022-08-20 14:33
Featured image

2022 წლის 18 აგვისტოს,  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) “ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე. 

ISFED-ისთვის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა არის კრიტიკული და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციის შინაარსი და კონტექსტი აქვს. “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ და მე-10 პრიორიტეტების სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიაზიას და “გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას” მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ერთიანი პროცესის ხედვა ხელისუფლებამ სრულყოფილად არ წარმოადგინა, არ შექმნა მაღალ დონეზე ორგანიზებული მონაწილეობითი დემოკრატიული პროცესი და არც თავად სამუშაო პროცესის წესებთან და პრინციპებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გაუვლია სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა დამოუკიდებელ აქტორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ვცდილობთ გამოვიყენოთ კომუნიკაციის და თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა პარლამენტთან. საპარლამენტო კომიტეტებთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით შემოგვთავაზა. თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და, ძირითადად, არაინკლუზიურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღემდე კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს, სამუშაო ჯგუფებს წარვუდგენთ ჩვენს წინადადებებსა და მოსაზრებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.  

ISFED წარმოადგენს წამყვან სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც 1995 წლიდან  აქტიურად მუშაობს საარჩევნო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე ISFED-მა განახორციელა ფაქტობრივად ყველა ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ISFED სამუშაო ჯგუფში წარდგენილ იქნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი გაერთიანების - საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ დასახელებული მიზეზები, რომელთა გამოც ISFED-ს აეკრძალა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, წარმოადგენს კვალიფიციური და მდიდარი გამოცდილების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის თვითნებურ ხელშეშლას, დისკრიმინაციას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების საფუძვლით. კრიტიკული შეხედულებებისა და შეფასებების გამო, ISFED-ის დისკრედიტაცია მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ვერ იაზრებს სამოქალაქო ორგანიზაციების, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელ სუბიექტების როლს.  

დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაი გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში. 

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნების” ხელმძღვანელობას გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე. 

 

ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას. 

 

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

 

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი