სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კვლევის პრეზენტაცია - დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში

2016-07-13 13:45
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016 წლის 13 ივლისს, კვლევის - „დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში - კანონმდებლობა, ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა“ -  პრეზენტაციას გამართავს.  

კვლევაში წარმოდგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი და ახალი კანონის შედარებით ანალიზი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებში არსებული სამართლებრივი რეგულირება დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით; შესწავლილია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამინისტროებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია 2015 წლის განმავლობაში ჩატარებული დისციპლინური წარმოებისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2015 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

საჯარო მოხელის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის, ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შედეგად,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოავლინა შემდეგი პრობლემები და მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები:

 

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით დისციპლინური გადაცდომის განმარტება ზოგადი და ბუნდოვანია, ასევე მსუბუქი და მძიმე დისციპლინური გადაცდომის კატეგორიები არ მოიცავს საჯარო მოხელის შესაძლო ქმედებების ჩამონათვალს რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას. აუცილებელია განისაზღვროს დისციპლინური გადაცდომის ნათელი და დეტალური დეფინიცია და ჩამოყალიბდეს მსუბუქი და მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფარგლებში ქმედებათა ნათელი და არაორაზროვანი ჩამონათვალი;

 

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალმა კანონმა გააუქმა გააუქმა საჯარო მოხელის სტატუსზე ზემოქმედების მომხდენი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან ჩამოშორება და უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა და, მოქმედ კანონთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური ხასიათის სანქციები. აღნიშნული გადაწყვეტა ვერ შეფასდება დადებითად და მიზანშეწონილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების სახით განისაზღვროს როგორც საჯარო მოხელის სტატუსზე ზემოქმედების მომხდენი ღონისძიებები, ასევე შეიზღუდოს ფინანსური ხასიათის სანქციები, მათი ოდენობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა არ განსაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას მსუბუქი და მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებში გამოსაყენებელ შესაძლო ზემოქმედების ღონისძიებები, რაც აუცილებლად მოითხოვს რეგულირებას;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლად არ მიიჩნევს: ა) საჯარო მოხელის უშუალო ხელმძღვანელის ან საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას და ბ) მოქალაქის მიერ წარდგენილ საჩივარს; მნიშვნელოვანია ეს ორივე საფუძველი გაითვალისწინოს კანონმდებლობამ.

- დისციპლინური წარმოებისას, ზეპირი მოსმენის ჩატარების ვალდებულება უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ მძიმე დისციპლინურ გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში;

- ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას უნდა იმოქმედოს კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის ხასიათი და უზრუნველყოს გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შესაბამისობა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან;

- აუცილებელია ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენონ, როგორც უკიდურესი ღონისძიება და თავი შეიკავონ მისი გამოყენებისაგან საჯარო მოხელის მიერ მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის არქონის შემთხვევაში;

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მოხელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი სისტემის დანერგვას საქართველოში.

კვლევა განხორციელდა შესაძლებელი გახდა „SIGRID RAUSING TRUST“-ის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ მოცემულ ბმულზე