სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კვლევა „მეორე მხარის მოსმენა გადაწყვეტილების მიღებისას - საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები და პასუხისმგებლობა

2024-06-21 11:03
Featured image

პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა და მათი უფლებების დაცვა დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორია. პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია გადამწყვეტ როლს ასრულებს დემოკრატიულ სისტემაში, ხელისუფლების პოლიტიკისა და ქმედებების მიმართ ალტერნატიული ან განსხვავებული შეხედულების შეთავაზების გზით. ოპოზიციის კონცეფცია დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნდამენტურია ანგარიშვალდებულების, წარმომადგენლობის, დისკუსიის, ძალთა ბალანსის, ალტერნატიული არჩევანის, სამოქალაქო ჩართულობის პრინციპების რეალიზებისთვის.

საქართველოში, მიუხედავად მოცულობითი უფლებრივი პაკეტისა, საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა კომიტეტებში თავმჯდომარედ არჩევის შესაძლებლობა (არც კვოტის და არც პრაქტიკის გზით). გარდა ამისა, კონტროლის მიმართულებით არ არის გათვალისწინებული სამთავრობო საათის პროცედურა. ამასთანავე, პრაქტიკაში ოპოზიცია ზოგჯერ ვერ ახერხებს, სრულად ისარგებლოს იმ უფლებებით, რაც მას, როგორც ოპოზიციას, აქვს მინიჭებული. ასეთი შემთხვევები, განსაკუთრებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დროს გამოვლინდა.

ოპოზიციის უფლებების მხოლოდ კანონში გაწერა არ არის საკმარისი. აუცილებელია, ისინი ეფექტიანი იყოს და რეალურ შესაძლებლობას აძლევდეს შესაბამის სუბიექტს, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებების მიღებაზე. ოპოზიციონერ სუბიექტებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ალტერნატიული ხედვების შეთავაზება და მოქალაქეთა წუხილების გახმოვანება, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე კი ვეტოს ძალაუფლებითაც უნდა სარგებლობდნენ. აუცილებელია, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ იმ უფლებების რეალიზებისას, რომლებსაც მათ კანონმდებლობა პირდაპირ ანიჭებს. ამავე დროს, არსებითია ამ უფლებების პრაქტიკაში გამოყენებაც. ეს უკვე ოპოზიციის წარმომადგენელთა ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომლებიც მათ უფლებრივი გარანტიების პარალელურად ეკისრებათ.

იხილეთ კვლევა