სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ TV25-ის მიმართ დისკრიმინაციის წახალისების რისკებს ეხმიანება

2020-05-19 13:56
Featured image

ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით TV 25 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მაუწყებლის მიმართ არათანასწორი მოპყრობის შესახებ.

2020 წლის 18 მაისს ჟურნალისტმა საჯარო განცხადება გაააკეთა, რომ აჭარის მთავრობა მათთან ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. „რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს. ერთ თვეზე მეტია პრესცენტრებიდან არ გვქონდა პასუხი: თუ რის გამო ამბობდნენ უარს გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აჭარის ტელევიზია წაიღეს და ხედავთ, რაც ხდება ეთერში, ამ საკითხს შეფასების გარეშე დავტოვებ. TV 25-ს კი ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მიერ, წლების წინ დამკვიდრებული მეთოდებით ებრძვის.“ - წერს სულხან მესხიძე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 14 მაისს ამავე ჟურნალისტმა ჩაატარა მოკვლევა თუ რა სიხშირით არის წარმოდგენილი ადგილობრივი მთავრობა მედიაში. მის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, ეჭვები TV 25 - ის მიმართ განსხვავებულ მოპყრობასთან დაკავშირებით დასტურდება.

2020 წლის 13 მაისს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ სტატიაში აღწერილი შემთხვევა ნათლად აჩვენებს კონფლიქტის სახეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს TV25-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, „რატომ აიგნორებს ამ ტელევიზიის შეთავაზებას“, მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში და კონკრეტულ კითხვებს უპასუხოს.

„ჩვენ არავის ვაიგნორებთ. ამ ბრალდებასაც ვერ მივიღებთ, რომ რაღაც სამთავრობო ტელევიზიები გვყავს და მხოლოდ იქ დავდივართ. მერწმუნეთ, რომ საკმაოდ არაკეთილგანწყობილ ტელევიზიებთან და ასევე წამყვანებთან ვყოფილვარ სტუმრად,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და იქვე დასძინა, რომ როცა დრო და სურვილი ექნება, მაშინ უპასუხებს, მაგალითად, TV 25-ს.

მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია. ჟურნალისტების მოვალეობაა გააცნონ გადასახადის გადამხდელებს მათ მიერ დაქირავებული მოხელეების მოქმედებები და შედეგები, ეს პროცესი კი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული საჯარო მოხელეების სურვილზე. რადგან მედიასთან ურთიერთობა საჯარო საქმიანობის თანმდევი ატრიბუტია.

მოლოდინის საპირისპიროდ, ჩვენ მიერ მოძიებული ფაქტები მოწმობს, რომ აჭარის მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები მედიასთან ურთიერთობაში.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავიანთ პასუხისმგებლობასთან ერთად, აღიარონ და კრიტიკულად გაიაზრონ მედიაგარემოსათვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ის უარყოფითი შედეგი, რაც შესაძლოა ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების ან ქცევების გავრცელებას მოჰყვება.

პანდემიის ფონზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთადერთი წყარო ხშირად პოლიტიკოსები იყვნენ/არიან, ამიტომ ვფიქრობთ, მოცემული შემთხვევები TV 25-ს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

- მივმართავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და მისცეს შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

- ჩვენ ვთხოვთ ასევე საქართველოს სახალხო დამცველს შეისწავლოს აღნიშნულისაქმე. რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო პერიოდის მოახლოებამდე შევამციროთ დისკრიმინაციის წახალისების ნიშნები, ხოლო პოლიტიკოსებმა მკაფიოდ გაიაზრონ თავიანთი თანაბარი მოპყრობის ვალდებულება მედიის მიმართ.