სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“– GPB-ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

2016-09-20 13:21
Featured image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი ადასტურებს, რომ ქართული ტელეარხები კვლავაც პოლარიზებულია და მათი სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა პოლიტიკურ სიმპათიას ასახავს. მეორეს მხრივ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ეს თავისუფლება უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილებით, რომელიც საჯარო ფინანსების ხარჯვას ეხება.


ჩვენ ქვეყანაში ეგზიტპოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ.


კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად.