სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” რადიომაუწყებლების საჭიროებების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

2020-06-11 12:15
Featured image

ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, გავეცანით კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტს - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე. დოკუმენტს კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს.[1]

განცხადების თანახმად, იგი შემუშავებულია შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:

- ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად, რაციონალურად და ოპტიმალურად გამოყენება;

- დასახლებული პუნქტების მაქსიმალურად მოცვა რადიომაუწყებლობის სიგნალით;

- კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების თანმიმდევრული გამოცხადება;

- მოქმედი კერძო საეთერო რადიომაუწყებლების სამაუწყებლო არეალის გაფართოება და აღნიშნულ ბაზარზე ახალი მაუწყებლების შემოსვლა.

გამომდინარე იქედან, რომ კომისია მიესალმება დაინტერესებული მხარეების მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას - გვაქვს მაღალი მოლოდინი, მოხდება შემოთავაზებული პროცესის შეჩერება და სამომავლო გეგმების მნიშვნელოვანი კორექცია.

გამოვთქვამთ წუხილს, რადგან გამოქვეყნებულ პროექტში ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რადიოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მომზადება. ის ნამდვილად განსაკუთრებული სიკეთეა და წარმოადგენს რადიო სექტორში პლურალიზმის შექმნის ყველაზე ლოგიკურ და საჭირო ეტაპს.

ამავე დროს, პროექტში არ არის საჯარო მითითება იმის თაობაზე, რომ რეგულირების თუ სამომავლო ცვლილებების დასახვის პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება covid19-ით გამოწვეული ცვლილებების ფონზე. ჩვენ ვფიქრობთ, პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა.

გვსურს, სწორედ ამ გადასახედიდან, დამატებითი და არსებითი ფაქტორების ფონზე, დაგანახოთ რადიომაუწყებლობის გადარჩენის და განვითარების საჭიროებები.

ამ ეტაპზე, ჩვენ ვეყრდნობით გავრცელებულ მცირე ინფორმაციას, ასევე რადიომაუწყებლობებთან კომუნიკაციაში მიღებულ მონაცემებს და დასაწყისშივე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ რადიოსექტორის პოზიციას. სექტორი სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათ ელოდებათ ახალი ფინანსური დანახარჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმის ნაცვლად.

ვფიქრობთ, რადიოსიხშირეების საკითხებზე მსჯელობისათვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საერთაშორისო რადიო სიხშირეების მინიჭების გეგმა - ციფრული მიწისზედა ტრანსლირების ქსელისათვის რადიო და სატელევიზიო პროგრამებისათვის – Geneva 2006 (GE06) , რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ.

ზონალური დაყოფის მიზანი კი ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ამოცანის შესრულებაა და არ უნდა მოხდეს ამ ინსტრუმენტის აღრევა სხვა გადაწყვეტილებებში.

ჩვენთვის ნათელია, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ეხება რადიომაუწყებლობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. შესაბამისად, ციფრული ზონალური დაყოფის მოშველიება და რადიოგავრცელების შუალედური ცვლილებაც სრულიად შეუსაბამო და არარელევანტურია დღეისათვის. მით უფრო უშედეგო იქნება ამგვარი თადარიგი 2028 წლისათვის.

სამწუხაროა, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილების პროცესი არ მომდინარეობს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნებიდან.

ჩვენ გვაფიქრებს ის გარემოება, რომ კომისია აპირებს 2021 წლიდან ახალი ზონალური დაყოფისა და ახალი პირობებით წარმართოს სალიცენზიო კონკურსები. მსგავსი ცვლილება მიუღებელია. კომისიის ამოცანა უნდა იყოს რადიომაუწყებლებისათვის არსებული ლიცენზიების ვადის გაგრძელება მოხდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღამდე.

გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, სახელმწიფოს აქვს დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ტელემაუწყებლების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დაგეგმვისას.

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დროებითი საკონსულტაციო ორგანოს- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს მუშაობას. ვამაყობთ, რომ კოლეგებთან ერთად სწორედ ამ ფორმატით გავხდი თანამონაწილე შეგვექმნა მედიაპლურალიზმი სატელევიზიო სფეროში.

გთავაზობთ, რადიო მაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დაიწყოს უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე მუშაობა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების მოთხოვნაა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის, საანძო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო (მათ შორის,ITU ) ექსპერტების და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.

ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ კვლავაც მივიღოთ მონაწილეობა ამგვარი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში. გვჯერა, ამგვარი დაგეგმარებით შესაძლებელი იქნება ვიზრუნოთ რადიო სექტორის გადარჩენაზე და შევუქმნათ მათ სათანადო პირობები განვითარებისათვის.

ამავე დროს, კოალიცია აუცილებლობად მიიჩნევს კონსულტაციებისათვის პროცესში ჩაერთოს ჩვენი საიმედო პარტნიორი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

[1] საკონსულტაციო პროექტი - https://www.comcom.ge/ge/regulation/sakonsultacio-dokumentebi/proeqti-komisiis-strategia-kerdzo-saetero-radiomauwyeblobis-licenziebis-mosapoveblad-konkursebis-gamocxadebis-taobaze.page