სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” სახალხო დამცველს აჭარის მაუწყებლის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადების თხოვნით მიმართავს

2020-03-06 13:32
Featured image

ჩვენ, კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” მიმდინარე პროცესებით. მიგვაჩნია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს. 

არხის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ საფრთხის წინაშე დგანან მაუწყებელში დასაქმებული კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა. 

გვაქვს მოლოდინი, რომ მათ მიმართ გამძაფრდება დევნის და დისკრიმინაციის შემთხვევები.

ვფიქრობთ, კრიტიკულია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, როგორც ღირებულების შენარჩუნების საკითხიც. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული ხელოვნური კრიზისები აფერხებს საჯარო დაფინანსებით მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს საზოგადოებისთვის გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. შექმნილმა ვითარებამ ქმედითი დახმარების საჭიროების წინაშე დაგვაყენა.

მოგმართავთ თხოვნით, კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის შენარჩუნებას და მოამზადოთ სპეციალური ანგარიში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” შესახებ.