სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპული სასამართლო: მომჩივანს არ მიეცა საშუალება, ინტერესები მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით დაეცვა

2020-03-05 16:31
Featured image

საია პერიოდულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, ვინიდან ის მხოლოდ ერთი პირის უფლებრივ მდგომარეობას არ ცვლის და მსგავს საქმეებზე ვრცელდება.  

 

2020 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,  ზურაბ ლობჟანიძის მიმართ საქართველომ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი).

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ლობჟანიძის მიმართ სამი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა. 2004 წელს აღძრული პირველი საქმე  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შეეხებოდა, 2009 წელს აღძრული საქმე - თაღლითობას, 2010 წელს დაწყებული საქმე კი - სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას. სამივე საქმეში ლობჟანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მეორე მომჩივანს, ფატი ფერაძეს, რომელიც ლობჟანიძის სიდედრი იყო, ასევე თაღლითობას ედავებოდნენ. სასამართლოებმა ფერაძეც დამნაშავედ ცნეს.

ლობჟანიძის მიმართ 2010 წელს გამოძიების დაწყების საფუძველი მეორე საქმის განმხილველ მოსამართლესთან მის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელება იყო. გამოძიების დაწყებიდან მალევე, მესამე საქმეში მომჩივანს სავალდებულო წესით დაენიშნა ადვოკატი იმ მიზეზით, რომ იგი თავს არიდებდა მართლმსაჯულებას და საქართველოში არ ჰყავდა ახლო ნათესავები, რომლებიც მისთვის ადვოკატის დანიშვნას უზრუნველყოფდნენ. მომჩივანი არც სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა მანამ, სანამ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ გავიდა. მომჩივნის მიერ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ სცნო.

ევროპულმა სასამართლომ 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 (1) და (3) (გ) მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ლობჟანიძეს არ მიეცა საშუალება, დაეცვა ინტერესები მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით და ამასთან, ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისად არ დაასაბუთეს, რატომ არ მოხდა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. სასამართლომ საქართველოს 3’600 ევროს გადახდა დააკისრა ლობჟანიძის მიერ განცდილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

სასამართლოს შეფასებით, მესამე საქმის მიმდინარეობისას, გამომძიებელმა სატელეფონო კომუნიკაციისას მომჩივანს განუმარტა, რომ იგეგმებოდა მისთვის ბრალის წაყენება. აღნიშნულზე ლობჟანიძემ მიუთითა, რომ დაკავშირებოდა ადვოკატს, რომელიც მის ინტერესებს იცავდა მეორე სისხლის სამართლის საქმეში. სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, თუ მომჩივანი სატელეფონო კომუნიკაციისას ფორმალურად და საკმარისად იყო გაფრთხილებული მის წინააღმდეგ არსებული სამართალწარმოების შესახებ, ადვოკატთან დაკავშირების თაობაზე მომჩივნის მიერ გამომძიებლისთვის მიცემული მითითება, რთულად წარმოსადგენია, რომ შეფასდეს, როგორც დამცველის არჩევის უფლებაზე ცხადი უარი. ამასთან, მომჩივნის მითითების მიუხედავად, გამომძიებელმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა ისე, რომ არ დაუკავშირდა მის ადვოკატს. ასევე, გამომძიებელმა არ მოახდინა ლობჟანიძის ინფორმირება სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილი იყო მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც მომჩივანსა და სახაზინო ადვოკატს არ ჰქონდათ კონტაქტი, სააპელაციო საჩივრის წარდგენა მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც მომჩივანმა შეიტყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. თუმცა, მომჩივნის ეს არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ უპასუხოდ დატოვა და საჩივრის დაუშვებლად ცნობაზე ერთადერთ არგუმენტად მიუთითა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის სურვილს, სასამართლო განხილვა მის დაუსწრებლად გამართულიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ აკონკრეტებდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო პირის მიერ ხსენებული ნების გამოხატვა. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ამგვარი საფუძვლით უარყოფა წარმოადგენდა არასაკმარისად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ავლენდა ფორმალისტურ მიდგომას პროცედურულ წესებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საჩივარში დაყენებულ სხვა მოთხოვნებს, სასამართლომ არ დაადგინა მე-6 (1) მუხლის დარღვევა პირველი და მეორე მომჩივნის მიმართ განმარტა რა, რომ მეორე სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ეროვნულმა სასამართლოებმა მათი გადაწყვეტილება დაასაბუთეს, მომჩივნების მიერ დაყენებული გარკვეული საკითხების განხილვა კი, ევროპული სასამართლოს კომპეტენციას სცილდებოდა.

სასამართლომ დაუშვებლად ცნო ლობჟანიძის საჩივარი იმ ნაწილში, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. სასამართლოს განმარტებით, მომჩივანს ეროვნული სასამართლოების წინაშე ამ საკითხზე არ უდავია.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შესვლის შემდეგ აღსასრულებლად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება. სახელმწიფომ სწორედ მინისტრთა კომიტეტის წინაშე უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა გატარდეს მომჩივნის დარღვეული უფლების აღდგენის და გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულების მიზნით.