სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეროვნული იდენტობის ტყვეობაში

2017-07-12 12:36
Featured image

ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში უკვე სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა ეთნიკური უპირატესობის წინა პლანზე წამოწევა. პერიოდულად, გარკვეული შიდა თუ გარე პოლიტიკური ძალები წარმატებით ახერხებენ ეროვნული იდენტობის უარყოფით ენერგიად ტრანსფორმირებას და მისით მანიპულირებას- საზოგადოების დაყოფას უმრავლესობად და უმცირესობად, "ჩვენ" და "სხვად".

ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ქართული პატრიოტიზმის თავისებურება მნიშვნელოვნად უკავშირდება პოლიტიკურ-ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდს. ჩვენ, როგორც პოსტაბჭოთა საზოგადოება, ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ ეთნიკური იდენტობის სწორ, სამოქალაქო-პოლიტიკურ ღირებულებებად გარდაქმნას. ჩვენი უმრავლესობა არ/ვერ ურიგდება ფაქტს, რომ იდენტობის გარკვეული ელემენტი თუ კომპონენტი მუდმივი არ არის და დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. 

ამერიკელი მკვლევარი, თომას შეფი, სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, სოციალური იდენტობის კონტექსტის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად სიამაყეს ასახელებს. ისეთი საზოგადოებისთვის კი, რომლისთვისაც კულტურული კონსერვატიზმი მთავარი ფასეულობაა, სიამაყე ღირსების პირდაპირპროპორციულია, ხოლო "უცხო" კულტურის არსებობა მათ გვერდით კოლექტიური ღირსების შელახვად აღიქმება. შესაბამისად „ქართველობის“ წართმევისა და ეროვნულობის დავკარგვის შიში ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ, პოლიტიკოსები კი უკვე ბევრი წელია ერის ამ ფობიას მწვავე პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად იყენებენ.

ეთნიკური და კულტურული უპირატესობით გონებადაბინდულნი, ხშირ შემთხვევაში ვკარგავთ ობიექტური და კრიტიკული განსჯის უნარს, შესაბამისად მარტივად ვეგებით პოლიტიკურ სატყუარაზე. ამიტომაც, რეალურ პრობლემებზე კონცენტრირების ნაცვლად, ყურადღებას ვადუნებთ და ვიბრძვით წარმოსახვით, ჩვენთვის გამოგონილ "დიდგორის ბრძოლაში", ფეხს ვუწყობთ ძალადობრივ მარშს და არ ვსვავთ მთავარ კითხვებს, რომელზე პასუხიც ახალ ქართულ იდენტობას გვაპოვნინებს თანამედროვე სამყაროში: რისგან შეიძლება რომ გავთავისუფლდეთ და რა უნდა შევინარჩუნოთ? 

 

 

ნინო ბაღაშვილი საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას