სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეპიდემიის გამო შესაძლოა თუ არა აღმოვჩნდეთ ე. წ. ფორს-მაჟორის მდგომარეობაში

2020-03-19 16:50
Featured image

ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა - ეს არის მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მოვლენები, ობიექტურად არსებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და რომლის გათვალისწინებაც მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ფორს-მაჟორის ცნებას, თუმცა, სამოქალაქო კოდექსში თავმოყრილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ ფორს-მაჟორის ზემოთმოყვანილი დეფინიცია. ფორს-მაჟორის ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზი შესაძლოა გახდეს ეპიდემია/პანდემია.

რა უფლებები წარმოეშობათ მხარეებს ფორს-მაჟორის მდგომარეობაში?

- კონკრეტული მოვლენის ფორს-მაჟორულად მიჩნევის შემთხვევაში, მხარე თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას ჩვეულებრივ შემთხვევაში ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, შესაძლებელია გამოირიცხოს ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კანონით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

- იმ შემთხვევაში თუ პირი, გარკვეული მოთხოვნის წარდგენისთვის შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადებით, ასეთ დროს ჩერდება ხანდაზმულობის ვადის დენა.

- ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შესაძლებელია, შეწყდეს მხარეთა შორის გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოება სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუ, რა თქმა უნდა, ვალდებულების შესრულება ფორს-მაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგაც შესაძლებელია და თუ აღნიშნული შესრულების მიმართ კრედიტორს ინტერესი არ დაუკარგავს.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო წყვეტს - არის თუ არა სახეზე ვალდებულების შეუსრულებლობა ფორს-მაჟორული ვითარების გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე გარემოება შეიძლება ერთ შემთხვევაში მიჩნეულ იქნეს ფორს-მაჟორულად, მეორე შემთხვევაში კი - არა.