სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ციხეში მომხდარი ”ბუნტიდან” ერთი თვე გავიდა

2006-04-25 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ დღემდე არ ხდება სასჯელაღსრულების მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ე.წ. ”ბუნტის” ობიექტური გამოძიება.

27 აპრილს ზუსტად ერთი თვე გადის სასჯელაღსრულების მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ე.წ. ”ბუნტის” შემდეგ, რომელსაც პატიმრების სიცოცხლე შეეწირა.

სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთაგან არავინ დასჯილა, არ დამდგარა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.  თანამდებობა არ დაუტოვებია იმ საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სადაც პატიმრებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ შენახული.

ბუნტთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ მხოლოდ პატიმრები.

ციხეში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით 31 მარტს კომენტარი გააკეთა ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ”მიზანშეწონიალია, ინციდენტი გამოიძიოს დამოუკიდებელმა და საზოგადოებრივმა საგამოძიებო ჯგუფმა”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უერთდება ეუთოს თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქარელ დე გუხტის განცხადებას და მიიჩნევს, რომ გამოძიების შედეგები იქნება ობიექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საზოგადოებრივი მონაწილეობით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო აწარმოებს.