სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ცესკოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს გაიმართება

2006-09-22 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი სასამართლო პროცესი კვირას, 24 სექტემბერს, 14.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ განჩინება გამოიტანა. მან არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლის სტატუსით ცესკოში რეგისტრირებულ ასოციაციის დამკვირვებლებს არ აქვთ პარტიულ სიაში შეტანილი კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე ცესკოს განკარგულების გასაჩივრების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სიას დამკვირვებლები პარტიულ სიებში შეტანილ კანდიდატების თაობაზე სარჩელი შეტანისათვის უფლებამოსილ პირები იყვნენ. მოსამართლე ჯუმბერ რუსიაშვილის გადაწყვეტილებით, საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.

საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის და სასამართლო პროცესი ხვალ, 24 სექტემბერს, 14.00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ცესკოს 14 სექტემბრის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. ამ განკარგულებით საკრებულოს წევრობა შეუძლია იმ კანდიდატებსაც, რომლებიც არ არიან წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 126 (8)-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომლის თანახმადაც “პარტიულ სიაში შეყვანილ უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილ არიან მაჟორიტარულ არჩევნებში.”

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული  893 28 13 27 / 95 23 53 ან 93 61 01