სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ასოციაცია „ხელები მშვიდობისთვის“

2024-05-22 15:10
Featured image

გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მუდმივად დგას მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის არის სხვადასხვა რესურსსა და სერვისთან ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ან ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, აფხაზეთის ომის შემდგომ დევნილების ყველაზე დიდი კონცენტრაცია მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს გამყოფი ხაზის 7 სოფელი.

მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, ძალისხმევის გასაძლიერებლად და მათ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიქმნა ასოციაცია ,,ხელები მშვიდობისთვის“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა ახალგაზრდა მეწარმე ქალმა ქალაქ ზუგდიდში 2019 წელს დააფუძნა.

დამფუძნებლებს, აფხაზეთთან ერთად, მეწარმეობა აერთიანებდათ, რამაც გადააწყვეტინათ, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაეერთიანებინათ და მიემართათ კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების და ქალების გასაძლიერებლად.

ორგანიზაციამ სამიზნე ჯგუფად აიღო დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და ადგილობრივი თემის მოწყვლადი ჯგუფები: მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი დედები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მათი დედები, შშმ ქალები, გოგონები ადრეული ქორწინებით, რომლებმაც ვერ მოახერხეს უმაღლესი განათლების მიღება, სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა.

ორგანიზაციის მიზანია, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლებისა და პროფესიულ გადამზადებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, სოციალიზაციის და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით მშვიდობის ტრანსფორმაცია.

,,ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის“

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი ,,ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის ფარგლებში 42 ახალგაზრდა ქალი გადამზადდა ხელსაქმის 4 სხვადასხვა ტექნიკაზე:

· ტანსაცმლის მოდელირება;

· ქსოვა;

· ქარგვა;

· ტრიკოტაჟი.

ამასთან ერთად, მონაწილე ქალები ჩაერთნენ თემატურ ტრენინგებში:

· ,,ციფრული მედია მარკეტინგი“;

· ,,გაყიდვების სტრატეგიები“;

· ,,საგრანტო ფონდების მოძიება და საგრანტო წინადადების მომზადება“,

· ,,საგადასახადო საკითხები“ და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარები სწავლობენ პრაქტიკულ ხელსაქმეს და, ამასთანავე, სამეწარმეო ტრენინგები ხელს უწყობს მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაზრდას, რათა პროფესიის დაუფლების შემდგომ კიდევ უფრო განვითარდნენ.

,,ქალები და ბავშვები - კრეატივი და მშვიდობა“

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი ,,ქალები და ბავშვები - კრეატივი და მშვიდობა“, რომლის ფარგლებში, გამყოფი ხაზის სოფლებში ოცი ქალი გადამზადდა ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკაზე: ტანსაცმლის მოდელირება; მაკრამე; ქსოვა; ქარგვა.

აქვე, აღსანიშნავია, რომ პროექტის ,,ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის“ გადამზადებული ოთხი წარმატებული ქალი ამ პროექტში დასაქმდა ხელსაქმის მასწავლებლებად.

საბავშვო სივრცე, როგორც ქალთა მხარდამჭერი მნიშვნელოვანი რესურსი

ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება არ არის მხოლოდ მათთვის ჩატარებული ტრენინგები, ან პროფესიული გადამზადებები და დასაქმება. მნიშვნელოვანია დედებისთვის მხარდაჭერა ბავშვთა სივრცეების მოწყობით, რათა დედამ შეძლოს ბავშვთან ერთად სიარული ტრენინგებზე, სხვადასხვა შემსწავლელ კურსზე და ბავშვის სახლში დატოვება არ უქმნიდეს მას დისკომფორტს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სწორედ ასეთი ,,საბავშვო სივრცე“, კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა რესურსებით აღჭურვილი, ასევე სპეც-მასწავლებლით, არტ-თერაპევტით და ასისტენტით დაკომპლექტებული.

შედეგად, მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს მოეხსნათ დედასთან განშორების სტრესი და თავს უსაფრთხოდ, დაცულად და კომფორტულად გრძნობდნენ. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის გარემო კომფორტული, განმავითარებელი და მრავალფეროვანი იყო, რაც დადებითად აისახა მათ სოციალურ, ემოციურ მდგომარეობასა და ჰოლისტურ განვითარებაზე.

ქოუჩინგი კარიერასა და ბიზნესში

აღნიშნული პროექტის მონაწილეები ჩაერთნენ ქოუჩინგ სესიებში თემაზე „საკუთარი თავის და შესაძლებლობების შეცნობა და გაძლიერება“.

ეს არის მოდული პიროვნული ზრდის, კარიერული წარმატების, საკუთარი მიზნების აღმოჩენის და დაგეგმარების. გასავლელი გზა წარმატებული მეწარმეობამდე და მაღალ შემოსავლამდე, გზა თვითდასაქმებიდან სხვების დასაქმებამდე.

გაცვლითი სასწავლო ვიზიტები

პროექტის ფარგლებში მონაწილეები იმყოფებოდნენ გაცვლით სასწავლო ვიზიტით აზერბაიჯანში, აზერბაიჯანელ მეწარმე ქალებთან, რითაც საფუძველი ჩაეყარა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კულტურული ღონისძიებების თუ აქტივობების განხორციელებას.

აზერბაიჯანში, ქართველმა მონაწილეებმა შეისწავლეს ხელსაქმის ახალი ტექნიკა - ქამუში, რომელიც ჩამოიტანეს სამეგრელოს რეგიონში, რადგან აქ აღნიშნული ტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი და განვითარებული, შესაბამისად, ბაზარიც აუთვისებელია. სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა აზერბაიჯანში შექმნილი ნამუშევრები გაიტანეს გამოფენა-გაყიდვაზე.

,,ქართულ-აზერბაიჯანული სასწავლო ვიზიტი ზუგდიდში“

აღნიშნულ სასწავლო ვიზიტს წინ უძღოდა კიდევ ერთი პროექტი: ,,ქართულ-აზერბაიჯანული სასწავლო ვიზიტი ზუგდიდში“.

ლანკარანის (აზერბაიჯანი) და ზუგდიდის ქალთა ხელოსნობის გაერთიანებებს შორის გაიმართა სასწავლო/გაცვლითი შეხვედრა ზუგდიდში, რომელიც ემსახურებოდა:

· ხელსაქმის ტექნიკის გაცვლა და ერთობლივი ნამუშევრების შექმნა;

· მეგრული და აზერბაიჯანული ტრადიციული სამზარეულოს საღამოები;

· ქართულ-აზერბაიჯანული საღამო სხვადასხვა სფეროს სტუმრებთან ერთად;

· კვირეულის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ბაზარი/გამოფენა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი განხორციელდა ორგანიზაციების „ხელები მშვიდობისთვის" და "Leyen.co"-ს მიერ, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტის პროგრამის ფარგლებში. შეხვედრის მთავარი მიზანი ქალთა ორ ჯგუფს შორის გამოცდილების გაზიარება და კულტურის გზით რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა იყო.

მომავლის თაობა და მეწარმეობა

საქართველოს საჯარო სკოლებში 2015-2016 წლიდან დაინერგა არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები”, რაც ახალგაზრდებს აძლევს სტიმულს, ადრეული ასაკიდანვე აითვისონ სამეწარმეო სფერო.

ორგანიზაციული რესურსით და ორგანიზაციის ბაზაზე არსებული სოციალური საწარმოს მხარდაჭერით, აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისა და კლუბებისთვის პერიოდულად ტარდება სამეწარმეო ტრენინგები, მასტერკლასები და ვორქშოპები.

მოხალისეობრივი კულტურა და თანატოლგანმანათლებლობა

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში მოხალისეობრივ შრომას სხვადასხვა ფორმით გასცემდნენ და იღებდნენ. მათი დახმარებით არაერთი პრობლემა მოგვარებულა და გვარდება დღემდე. უამრავი ორგანიზაცია მუშაობს პრობლემურ რეგიონებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ამაში მათ მოხალისეების მხარდაჭერა აქვთ. სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაციები ქმნიან ძლიერ ქსელებსა და აერთიანებენ აქტიურ ადამიანებს.

მოხალისეობა ორმხრივად სასარგებლო საქმიანობაა. კონკრეტული ადამიანი/ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოება, ქვეყანა, გარემო იღებს საჭირო დახმარებას, ხოლო მოხალისეს პროცესში უვითარდება სხვადასხვა უნარი.

„ხელები მშვიდობისთვის“ ორგანიზაციაში მოხალისეობრივი კულტურა საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. ორგანიზაციას ხშირად სტუმრობენ მოხალისე ტრენერები, ხელსაქმის

მასწავლებლები, უცხოელი მოხალისეები, რომლებიც ატარებენ დამატებით ტრენინგებს, მასტერკლასებს, ქმნიან ინგლისური ენის კლუბებს, ქალთა კლუბებს, ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და ა.შ. თანატოლგანმანათლებლობა, როგორც თანასწორობის ელჩები

ორგანიზაცია ხშირად იყენებს ახალგაზრდებთან სამუშაოდ თანატოლგანმანათლებლობას, როგორც თანასწორობის ელჩებს, რაც ხშირ შემთხვევაში ეფექტიანია. პროექტებში ჩადებულია მოხალისეობის და თანატოლგანმანათლებლობის მეთოდი, რომლის საფუძველზეც, გადამზადებულ ქალებს აქვთ ვალდებულება, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთი თემის წარმომადგენელ ქალებს.

ხილული შედეგები

პროექტების ფარგლებში 100-ზე მეტი ქალი გადამზადდა ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკაზე, 200-ზე მეტი ქალი გადამზადდა სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგებით და აუმაღლდა ცნობიერება. 50-ზე მეტი სკოლის მოსწავლე აქტიურად ერთვება სამეწარმეო საქმიანობაში და ივითარებს უნარ-ჩვევებს. 20-ზე მეტმა სკოლამდელმა ბავშვმა ისარგებლა საბავშვო სივრცის მომსახურებით და განივითარა სხვადასხვა უნარი. 25-ზე მეტი ქალი იყო ჩართული გაცვლით სასწავლო ვიზიტში. 23 ახალგაზრდა ქალის დასაქმებას და 30-ზე მეტი ქალის თვითდასაქმებას შეეწყო ხელი.

და ბოლოს...

ორგანიზაცია მხარს უჭერს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ქალებს, რადგან მათი მხარდაჭერა ყველაზე პრიორიტეტულია. ორგანიზაცია ხელს უწყობს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდებისა და ქალების შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას, რეწვის ისეთი ნამუშევრების შექმნას, რომელთა გატანასაც გამოფენებზე, ფესტივალებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე შეძლებენ, ამასთანავე, ეს ხელს შეუწყობს ნამუშევრების რეალიზებას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას. ინდივიდების მხარდაჭერის გარდა, რომლის ფარგლებშიც ყალიბდებიან ახალგაზრდა რეწვის ოსტატები, განსხვავებულად, შემოქმედებითად და კრეატიულად მოაზროვნე ადამიანები, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე როგორც სოციალურ-ეკონომიკურად, ასევე ტურიზმის მხრივ. ეს ხელს უწყობს რეწვის მიმართულების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რეგიონში ტურისტულად უფრო მიმზიდველი ღონისძიებების თუ აქტივობების განხორციელებას.

 

ავტორი: მაკო ჭკადუა


ბლოგი მომზადდა მაკო ჭკადუას მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.  

ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.