სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

2019-10-21 11:58
Featured image

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ლევან ასათიანის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. დავის საგანია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებას აწესებს. აღნიშნული პროგრამა მოსარჩელეს ავალდებულებს გაიაროს ერთწლიანი პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც ფასიანია და მოიცავს ცხრა თვიან სტაჟირებას ადვოკატთან და სამთვიან თეორიულ კურსს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება კრძალავს დისკრიმინაციის ყველა შემთხვევას როგორც არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობის ფორმით, ასევე იმ შემთხვევებშიც, როცა სადავო ნორმა ახდენს არსებითად არათანასწორ პირთა თანასწორ მოპყრობას.

სადავო ნორმა მოსარჩელეს ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის დამატებით ვალდებულებას უწესებს, მაშინ, როცა მოსარჩელეს, მისი მრავალწლიანი პრაქტიკული იურიდიული გამოცდილების შედეგად უკვე აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის პროცესში უნდა შეიძინოს. ამდენად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან მისი მოქმედების ფარგლებში ცხრათვიანი სტაჟირებისა და სამთვიანი თეორიული კურსის  გავლის ვალდებულება აქვს ყველას, მათ შორის მას, ვისაც იურისტად მრავალწლიანი მუშაობის შედეგად უკვე გააჩნია ის უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაც პროფესიული ადაპტაციის პროგრამამ უნდა უზრუნველყოს.

საია არ დავობს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კონსტიტუციურობაზე, მისთვის პრობლემურია ის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ხდება არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.