სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის სახელმწიფოთაშორისი დავების მომავალი

2022-04-06 11:36
Featured image

როდესაც სახელმწიფოები შეიარაღებულ კონფლიქტში არიან ჩართულნი, ფრონტის ხაზი არ არის მხოლოდ იქ, სადაც უშუალოდ შეიარაღებული მოქმედებები მიმდინარეობს. სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრძვიან დიპლომატიურ ფრონტზეც, და, ხშირად, ფრონტის ხაზია იქაც, სადაც ავტომატების მაგიერ, სამართლებრივი ნორმების არსენალით ცდილობენ გამარჯვების მოპოვებას. 

ამ ბლოგის მიზანია, განიხილოს კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის სახელმწიფოთაშორისი დავების არსი და  მათი მომავალი.

მიმდინარე ვითარება

2022 წლის პირველ მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დროებითი ღონისძიების მექანიზმის შედეგად დაავალა, თავი შეეკავებინა სამხედრო თავდასხმებისგან სამოქალაქო პირებისა და ობიექტების წინააღმდეგ, მათ შორის, საცხოვრებელ შენობებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სხვა სპეციალურად დაცულ სამოქალაქო ობიექტებზე, როგორებიცაა სკოლები და საავადმყოფოები. ასევე, რუსეთს დაევალა სამედიცინო დაწესებულებების, პერსონალისა და სასწრაფო დახმარების მანქანების უსაფრთხოების დაუყოვნებელი უზრუნველყოფა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ თავდასხმის ან ალყის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე.[1]

სახელმწიფოთაშორისო დავის მექანიზმი ევროპულ სასამართლოში

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საჩივრები ძირითადად ფიზიკური პირების, პირთა ჯგუფის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა წარდგენილი, კონვენციის 33-ე მუხლი, ასევე, იცნობს სახელმწიფოთაშორისი დავების წარდგენის შესაძლებლობას.[2] ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსაკუთრებით მომრავლდა მსგავსი ტიპის საქმეები, მხოლოდ 2020 წელს სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ლატვია-დანიის, ლიხტენშტეინი-ჩეხეთის რესპუბლიკის, სომხეთი-აზერბაიჯანის, სომხეთი-თურქეთისა და აზერბაიჯანი-სომხეთისდავები.[3] ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დიდ პალატას ორი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებთან მიმართებითაც, რომელთაგან პირველი 2006-2007 წლებში რუსეთიდან ეთნიკურად ქართველების დეპორტაციას, ხოლო, მეორე, კი, 2008  წლის აგვისტოს ომის საქმეს ეხებოდა. ორივე დავა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 

სასამართლოს პრაქტიკაში სახელმწიფოთაშორისი დავების რაოდენობა ორ ათეულს აღემატება, რაც ასეულობით ათას ინდივიდუალურ საჩივართან შედარებით, გაცილებით მცირეა. ამის მიუხედავად, სახელმწიფოთაშორის დავებს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგებსა და კონვენციის ამჟამინდელი ზედამხედველობის არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან ერთად, გავლენა აქვს პირთა ფართო წრეზეც. ეს შეიძლება გამოიხატოს, როგორც, კომპენსაციის მიღებაში, ასევე, მაგალითად, რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული პრაქტიკის დადგენის შედეგად, უფლებადარღვეულ ინდივიდებს აღარ აქვთ ვალდებულება, სავალდებულო წესით მიმართონ სახელმწიფოს შიდასამართლებრივი ღონისძიებების ამოსაწურად. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია სახელმწიფოთაშორის დავებზე სავალდებულოა.[4] მსგავსი დავების უმეტესობა კრიზისულ ან კონფლიქტურ სიტუაციებს ეხება და განმცხადებელმა სახელმწიფომ სასამართლოსთვის მიმართვისას რელევანტურ არგუმენტებთან ერთად, თავად უნდა მიუთითოს არსებული ფაქტები და სავარაუდო დარღვევები.[5]

რა არის დროებითი ღონისძიების არსი?

როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის იმწუთიერი რისკი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, გამოსცეს დროებითი ღონისძიება. უკრაინისა და რუსეთის კონტექსტში აღნიშნული ბერკეტი გამოყენებული იქნა 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ მოვლენებთან[6] და 2018 წელს ქერჩის სრუტესთან დაკავშირებულ საქმეებზეც,[7] თუმცა  2022 წლის დროებითი ღონისძიება რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი.

უმთავრესია ის, რომ, განსხვავებით მანამდე გამოცემული დროებითი ღონისძიებებისგან, 2022 წლის გადაწყვეტილება მიემართება მხოლოდ რუსეთს და არა კონფლიქტის ორივე მხარეს. ამასთანავე, სასამართლოს მიერ შეშფოთება გამოთქმულია, არა მხოლოდ, მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მუხლების კონტექსტში, არამედ მე-8 მუხლთან მიმართებითაც (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება).

მიუხედავად ამისა, 2022 წლის დროებითი ღონისძიების კრიტიკად გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსეთისთვის მოწოდება, არ დასხმოდა თავს სამოქალაქო ობიექტებსა და სამედიცინო ინფრასტრუქტურას, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გარჩევადობის პრინციპისა და უსაფრთხოების ზონების პატივისცემის ვალდებულების უბრალო აღწერა და, ვინაიდან რუსეთი ისედაც აცხადებს, რომ თავდასხმები მხოლოდ სამხედრო მიზნებს ისახავს, რუსული ნარატივის მიხედვით, არსებობს ალბათობა, რომ დროებითი ღონისძიებები არ ავალდებულებდეს მას, შეცვალოს ის მეთოდები, რითიც უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს.[8] ამასთანავე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან აშკარაა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხორციელდება სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე იერიშის მიტანა, რაც ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთი არ ასრულებს სასამართლოს ბრძანებას.

ბუჩა - ზურგს უკან ხელებშეკრული ცხედრების ქალაქი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” კვლავაც უარყოფს სამოქალაქო პირების სამიზნედ ყოფნას, სურათი, რომელიც უკრაინელ სამხედროებს ქალაქში შესვლის შემდეგ დახვდათ, საპირისპიროს მეტყველებს. ცხედრები, რომელთაც ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული, მასობრივი საფლავი ქალაქის ეკლესიის გარეთ - ეს ის ფაქტებია, რომელთა აშკარა მტკიცებულებები მსოფლიო მედიაში ვრცელდება. ამას გარდა, ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის, განცხადებით, ქალაქში სამასზე მეტი მოსახლეა დაღუპული. ასევე, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სახლის სარდაფი გამოიყენებოდა წამების ოთახად. უკრაინის პრეზიდენტმა ბუჩაში არსებულ სიტუაციას უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდა.[9] ბუჩა არის იმის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.

 

უკრაინა & რუსეთი - სახელმწიფოთაშორისი საქმეები ევროპულ სასამართლოში

უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფოთაშორისი საქმეები, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან ერთად, რომელიც კონფლიქტის წინა ეპიზოდებს ეხება, ათ საქმეს ითვლის.[10]  აქედან დიდი პალატის წინაშე ორი საქმეა წარდგენილი.

I. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (re Crimea)[11] -  საქმე წარდგენილია ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ სამ, 2014, 2015 და 2018 წლებში წარდგენილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს აერთიანებს. საქმე ეხება რუსეთის მიერ ყირიმში („ყირიმი“ მიემართება, როგორც ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას (ARC), ისე, ქალაქ სევასტოპოლს) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს საქმე ნაწილობრივ დასაშვებად გამოცხადდა დიდი პალატის მიერ 2021 წლის 14 იანვარს. გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის. ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე დიდმა პალატამ დასაშვებად ცნო უკრაინის საჩივარი კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-9, მე-10. მე-11 და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ და მე-2 მუხლების სავარაუდო დარღვევებთან მიმართებით, ისევე, როგორც მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან მიმართებით. ყირიმელ თათრებთან დაკავშირებით კი, ასევე, სხვა მუხლებთან ერთად, არსებობს კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვის) სავარაუდო დარღვევის ალბათობაც[12]

II. უკრაინა და ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ[13] - საქმე შეეხება აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებს, მათ შორის, მალაიზიური ავიახაზების, Flight MH17 ჩამოგდებას 2014 წელს. აღნიშნული საქმეც სამ სახელმწიფოთაშორის საჩივარს აერთიანებს, წარდგენილი 2014 წლის მარტში, 2014 წლის ივნისში და 2020 წლის ივლისში.

  III.         უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (VIII)[14] - საქმე წარდგენილია 2018 წლის 29 ნოემბერს და ეხება ქერჩის სრუტეზე საზღვაო ინციდენტს 2018 წელს, რომლის შედეგადაც დააკავეს უკრაინული საზღვაო ძალების სამი გემი და მისი ეკიპაჟი. წარმოება მიმდინარეა სასამართლოს პირველი სექციის წინაშე.

   IV.         უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ[15] - საქმე წარდგენილია 2021 წლის 19 თებერვალს, რომელიც შეეხება უკრაინის მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირების მიზანმიმართული მკვლელობის ოპერაციებს (კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა).[16]

სახელმწიფოთაშორისი საჩივრების კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ 8500-ზე მეტი ინდივიდუალური განაცხადი უკავშირდება ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინისა და აზოვის ზღვის მოვლენებს.  

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში - არა მხოლოდ, მოპასუხე, არამედ, მომჩივანი

უკრაინისა და რუსეთის სახელმწიფოთაშორისი დავების კონტექსტში, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთმა, თავის მხრივ, 2021 წლის 22 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ წარადგინა საქმე, რომელიც ეხება რუსეთის ბრალდებებს, მათ შორის, მკვლელობების, გატაცებების, იძულებით გადაადგილების, საარჩევნო უფლებაში ჩარევის, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვისა და რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმების შესახებ. რუსეთი, ასევე, დავობს ყირიმის წყალმომარაგების გათიშვისთვის ჩრდილოეთ ყირიმის არხზე და აცხადებს, რომ მალაიზიის ავიახაზების MH17 ბორტზე მყოფთა დაღუპვაზე პასუხისმგებელია უკრაინა, რადგან მან ვერ დახურა თავისი საჰაერო სივრცე.[17]

მიუხედავად მოცემული დავების სიმრავლისა, ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა მათ მაშინ, როდესაც რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუწყდა?

მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის თანახმად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირდაპირ შედეგად, რუსეთი 2022 წლის 16 მარტიდან აღარ ითვლება ევროპის საბჭოს წევრად,[18] ხოლო რეზოლუციის მიერ ევროპის საბჭოს სტატუტის მე-8 მუხლზე მითითება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გარიცხულ იქნა ევროპის საბჭოდან.[19]

თუკი რუსეთი არ არის ევროპის საბჭოს წევრი, გავრცელდება კი მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია? ამ შემთხვევაში დროის გამყოფი ხაზი 2022 წლის 16 სექტემბერია. ესაა თარიღი, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრობას შეწყვეტს, შესაბამისად, სასამართლო კვლავაც შეძლებს, გაავრცელოს იურისდიქცია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  სავარაუდო დარღვევებზე, რომლებიც 16 სექტემბრამდე იქნება ჩადენილი.[20] დროის ეს პერიოდი მოიცავს, როგორც უკრაინის მიერ წარდგენილ მანამდე არსებულ ყველა სახელმწიფოთაშორის დავას, ისე განაცხადს, რომელიც უკრაინამ 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა. ეს მიდგომა ვრცელდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ინდივიდუალურ განაცხადზე და სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება კვალავაც იქნება რუსეთისთვის სამართლებრივად მბოჭავი.[21]მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, კვლავინდებურად პრობლემური იქნება გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი.

კიდევ ერთი პრობლემური ასპექტია ის, რომ რუსეთის მიერ 2022 წლის 16 სექტემბრის შემდეგ ჩადენილი ქმედებები ვერ მოხვდება სასამართლოს იურისდიქციაში.[22] ეს გავრცელდება როგორც უკრაინის კონფლიქტის კონტექსტზე, ისე, ნებისმიერი იმ პირის ინდივიდუალურ განაცხადზე, რომელსაც რუსეთის იურისდიქციაში დაერღვა უფლებები. თავისი არსით, შეიძლება ითქვას, რომ ეს მოცემულობა ბევრად ხელსაყრელია თავად რუსეთის ფედერაციისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ დარღვეული უფლების აღდგენისთვის ბრძოლას რეგიონალური მართლმსაჯულების დონეზე. 

დიდი ალბათობით, უკრაინის სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვასა და საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. სავარაუდოა დარღვევების დადგენის ალბათობაც და თუკი კვიპროსი-თურქეთისა და საქართველო-რუსეთის (I) საქმეებზე სასამართლოს პრაქტიკას გავითვალისწინებთ, შესაძლებელია, მომავალში სასამართლომ რუსეთს სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში, კონფლიქტის კონტექსტში დაზარალებულებისთვის ინდივიდუალური კომპენსაციის გადახდა დააკისროს. 

მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების საკითხი შეიძლება კვლავაც იყოს პრობლემური, შეუცვლელი იქნება ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკური მნიშვნელობა და დამახინჯებული პროპაგანდის საპირწონედ, კონფლიქტის კონტექსტში დაზარალებულთათვის იმის საერთაშორისო სამართლებრივი მტკიცებულების ქონა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლისას მათი უფლებები რუსეთის ფედერაციის მიერ ფეხქვეშ იქნა გათელილი. 

გიორგი ჩაჩხიანი

საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწე

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 

 


[1]ECtHR, Press Release - The European Court Grants Urgent Interim Measures in Application Concerning Russian Military Operations on Ukrainian Territory,  01.03.2022.

[2]ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის მიხედვით, „ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია სასამართლოში აღძრას საკითხი სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნაგულვები დარღვევის შესახებ“. 

[3]ECtHR, Inter-State Applications, By Date of Introduction of the Applications, 23.07.2021, <https://www.echr.coe.int/Documents/InterState_applications_ENG.pdf> [03/04/2022].

[4]Geir Ulfstein, Isabella Risini, Inter-State Applications under the European Convention on Human Rights: Strengths and Challenges, EJIL:Talk!, 24.01.2020, <https://www.ejiltalk.org/inter-state-applications-under-the-european-convention-on-human-rights-strengths-and-challenges/> [03/04/2022].

[5]ECtHR, Press Unit - Q&A on Inter-State Cases, October 2021, <https://www.echr.coe.int/Documents/Press_Q_A_Inter-State_cases_ENG.pdf>  [03/04/2022].

[6]ECtHR, Press Release - Interim Measure Granted in Inter-State Case Brought by Ukraine against Russia, 13.03.2014. 

[7]ECtHR, Press Release - ECHR Grants Interim Measure in New Inter-State Case Brought by Ukraine against Russia Concerning Events in the Kerch Strait, 04.12.2018. 

[8]Mariana Ferolla, There and Back Again: Ukraine vs. Russia at the European Court of Human Rights and Interim Measures, International Law Agendas, 03.05.2022,<http://ila-brasil.org.br/blog/there-and-back-again-ukraine-vs-russia-at-the-european-court-of-human-rights-and-interim-measures/>  [03/04/2022]; Kanstantsin Dzehtsiarou, Can the European Court of Human Rights Prevent War? Interim Measures in Inter-State Cases, 2016,    [03/04/2022]; Brian Griffey, Irreparable Harm in the Ukraine Conflict: Protection Gaps and Interim Measures, Urgency and Human Rights, The Hague, 2020, 161-195,   [03/04/2022].

[9]Lara Keay, Ukraine War: What happened in Bucha and Did Russian Soldiers Commit War Crimes?, Sky News, 04.04.2022, <https://news.sky.com/story/ukraine-war-what-happened-in-bucha-and-does-it-constitute-war-crimes-12582047>.[03/04/2022].

[10]Marko Milanovic, The Russia-Ukraine War and the European Convention on Human Rights, Lieber Institute, 01.03.2022, <https://lieber.westpoint.edu/russia-ukraine-war-european-convention-human-rights/> [03/04/2022].

[11]ECtHR, Ukraine v. Russia (re Crimea), Applications nos. 20958/14 and 38334/18, lodged on 13.03.2014 and 10.08.2018. იხ. Press Release.

[12]ECtHR, Ukraine v. Russia (Re Crimea), Applications nos. 20958/14 and 38334/18, Decision [GC], 16.12.2020, <https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-207622> [03/04/2022].

[13]ECtHR, Ukraine and the Netherlands v. Russian Federation, Applications  nos. 8019/16, 43800/14 and 28525/20, lodged respectively on 01.03. 2014, 13.06.2014 and 10.07.2020. იხ. Press Release.

[14]ECtHR, Ukraine v. Russia (VIII), Application no. 55855/18, lodged on 29.11.2018. 

[15]ECtHR, Ukraine v. Russian Federation (IX) Application no. 10691/21, lodged on 19.02.2021. 

[16]ECtHR, Press Release - New inter-State Application Brought by Ukraine against Russia, 23.02.2021. 

[17] ECtHR, Press Release - Inter-State Application Brought by Russia against Ukraine, 23.07.2021. 

[18] Committee of Ministers, Resolution CM/Res(2022)2 on the cessation of the membership of the Russian Federation to the Council of Europe, 16.03.2022, <https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=0900001680a5da51>  [03/04/2022].

[19] Philip Leach, A Time of Reckoning? Russia and the Council of Europe, Strasbourg Observers, 17.03.2022, <https://strasbourgobservers.com/2022/03/17/a-time-of-reckoning-russia-and-the-council-of-europe/>   [03/04/2022].

[20] Committee of Ministers, Resolution CM/Res(2022)3 on Legal and Financial Consequences of the Cessation of Membership of the Russian Federation in the Council of Europe, 23.03.2022, <https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=0900001680a5ee2f>  [03/04/2022]. See also: 

Russia ceases to be a Party to the European Convention on Human Rights on 16 September 2022, 23.03.2022, https://www.coe.int/en/web/portal/-/russia-ceases-to-be-a-party-to-the-european-convention-of-human-rights-on-16-september-2022#:~:text=Back-,Russia%20ceases%20to%20be%20a%20Party%20to%20the%20European%20Convention,Rights%20on%2016%20September%202022&text=Following%20its%20expulsion%20from%20the,Rights%20on%2016%20September%202022[05/04/2022].

[21] Philip Leach, A Time of Reckoning? Russia and the Council of Europe, Strasbourg Observers, 17.03.2022,    [03/04/2022].

[22] Ibid.