სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები

2015-09-11 11:05
Featured image

                                        საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ორი მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან

საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატების დახმარებით ორ მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შეეფარდათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა. შემთხვევაში მოქალაქეს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, საზოგადოებრივი ადგილებით თვითნებურად შეზღუდვის გამო შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მეორე მოქალაქეს პოლიცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო ედავებოდა.

                                        საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დაარეგისტრირა

საიას აჭარის ფილიალი სამართლებრივ დახმარებას უწევდა მოქალაქე ი.ხ-ს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარებასა და რეგისტრაციაზე. საიას ადვოკატის დახმარებით, მოქალაქის ეს პრობლემა მოგვარდა და მან საკუთრების უფლების დარეგისტრირება შეძლო.

 

                                                                                  საიას აჭარის ფილიალის დახმარებით დამცავი ორდერი გამოიცა

საიას აჭარის ფილიალი იცავდა მოქალქე თ.ხ-ს ინტერესებს, რომლის მიმართაც სისტემატიურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ოჯახის წევრის მიერ. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით თ.ხ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით თ.ხ-ს განცხადება სრულად დაკმაყოფილდა და გამოიცა დამცავი ორდერი 3 თვის ვადით, რის საფუძველზეც მოძალადე მამას აეკრძალა მსხვერპლთან თ.ხ-სთან სატელეფონო საუბარი და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება.