სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი უგულავას საქმეზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა

2015-07-28 10:35
Featured image
2015 წლის 28 ივლისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით. საია ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმა აძლევს პროკურატურასა და სასამართლოს შესაძლებლობას, რომ ბრალდებული საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტისდარღვევით 9 თვეზე მეტი ვადით ჰყავდეთ წინასწარ პატიმრობაში. საია სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, ერთი და იმავე მტკიცებულების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტები კრძალავს იმას, რომ ადამიანი 9 თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში. პროკურატურას მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეს ადამიანის 9 თვეზე მეტი ვადით პატიმრობის გაგრძელების შესაძლებლობა, როდესაც სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება: გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც მიუთითებს ბრალდებულის მიერ ჩადენილ ახლა დანაშაულებრივ ეპიზოდზე, რომლის შესახებაც საგამოძიებო ორგანოებისათვის მანამდე არაფერი იყო ცნობილი.
 
2015 წლის 13 მარტის დადგენილებით გიორგი უგულავას წაუყენეს ბრალი ტელეკომპანია ,,იმედის“ მითვისებაში. აღნიშნულ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტები იმეორებდა 2013 წლის 22 თებერვალის დადგენილებაში მოყვანილ გარემოებებს, ანუ ტელეკომპანია ,,იმედთან“ დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულებრივი ეპიზოდი პროკურატურისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2013 წლის 22 თებერვალში. ეს ფაქტი არ იყო ახლად აღმოჩენილი გარემოება. საქმის ცალკე გამოყოფამ გამოიწვია გიორგი უგულავასათვის პატიმრობის 9 თვიანი ვადის, რომელიც 2015 წლის აპრილში იწურებოდა, კვლავ გაგრძელება. საიას მიაჩნია, რომროგორც სასამართლოს 2015 წლის აპრილის განჩინება გიორგი უგულავასათვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელსაც სასამართლო განჩინება ეფუძნებოდა, არაკონსტიტუციურია.